LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციის დანერგვის გეგმა დეკემბრის ბოლოს დასრულდება: თამარ გაბუნია

78
tamargabunia

“ჰოსპიტალური სექტორი ბოლო ორი თვის განმავლობაში მუშაობდა მაქსიმალური დატვირთვით და ისევ რომ დავუბრუნდეთ დატვირთვის ამ მაჩვენებელს, იანვრის დასაწყისში ეს იქნება უკიდურესად რთული გადასატანი. ამდენად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი რეკომენდაცია არის ისევ და ისევ ის, რომ დავაკვირდეთ სტაბილიზაციის ნიშნებს ამ კვირაში და შესაფერისად მივიღოთ გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით”- საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე და შეზღუდვების მნიშვნელობაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

როგორც თამარ გაბუნიამ თქვა, მნიშვნელოვანია, ძალიან ფრთხილად მოვეკიდოთ შეზრუდვების შემსუბუქებას, რადგან ვითარება, რომელიც დღეს გვაქვს, ცალსახად არის ამ შეზღუდვების შედეგი:

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები მიუთითებს, რომ მცირედი სტაბილიზაციის ტენდენცია ნამდვილად აღინიშნება. 3 487 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, 17 000-ზე მეტი ტესტი შესრულდა, თუმცა, ეს კვირა იქნება მაინც ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვების კუთხით.” – თქვა გაბუნიამ.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია საწოლფონდის მობილიზაციაც და დღეს დილის მდგომარეობით, შემთხვევების სტაბილიზაცია საწოლების დატვირთვის მაჩვენებელზეც აისახა:

“ამ დილის მდგომარეობით, 700-მდე საწოლი იყო თავისუფალი ქვეყნის მასშტაბით. განსაკუთრებით, აჭარაში შეინიშნება თავისუფალი საწოლების რაოდენობის სწრაფად ზრდა, რაც ასევე მაჩვენებელია გარკვეული სტაბილიზაციის, აჭარის რეგიონშიც” – თქვა მინისტრის მოადგილემ და აღნიშნა, რომ მართალია, გარდაცვალების საერთო მაჩვენებელი კვლავაც რჩება 1%-ზე დაბლა, მაგრამ მძიმე შემთხვევების მართვა არის რთული და მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალური სექტორი იყოს, პირველ რიგში, პრიორიტეტულად მობილიზებული მძიმე და კრიტიკული პაციენტების მისაღებად.

გაბუნიამ ტესტირების რაოდენობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტების მოთხოვნასა და მიმართვიანობაზე:

„ჩვენი სამიზნე დღის განმავლობაში, მეტნაკლებად, არის 20 000 ტესტი, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია მოთხოვნაზე, ზოგიერთ შემთხვევაში მეტი პაციენტი მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას, ზოგიერთ შემთხვევაში ნაკლები. ეს იწვევს 1000-დან- 1500-მდე ვარიაციას”, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მან ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ვაქცინის დანერგვის გეგმა დასრულდება დეკემბრის ბოლოსთვის. განიხილება ვაქცინები, რომლისთვისაც ცივი ჯაჭვის მოთხოვნა არის -80 -70 გარადუსი. ასტრაზენეკას დანერგვასთან დაკავშირებით ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება ცივ ჯაჭვში არ მოგვიწევს, რაც შეეხება ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინას, ესეც ტექნოლოგიურად შესაძლებელია, გარკვეული მაცივრების რაოდენობა უკვე არის” – განაცხადა გაბუნიამ.

magti 5g