LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინის მესამე დოზა ყველასთვის არ არის საჭირო – რას ამბობს “ასტრაზენეკას” ერთ-ერთი შემქმნელი

266
1

კოვიდვაქცინის მესამე, ე.წ “ბუსტერ-დოზა” ყველასთვის არ არის საჭირო – აცხადებს “ასტრაზენეკას” ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი, პროფესორი დეიმ სარა ჯილბერტი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ვაქცინის დამატებითი, მესამე დოზები იმუნიტეტის გასაძლიერებლად იმ ქვეყნებში გამოიყენონ, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები დაბალია.

მეცნიერი ამბობს, რომ “ბუსტერი” ყველასთვის ზედმეტია და კიდევ ერთხელ მოუწოდებს პასუხისმგებელ პირებს, ვაქცინის დოზები გაჭირვებულ ქვეყნებს გაუგზავნონ.

როგორც დეიმ ჯილბერტმა აღნიშნა, მართალია, ზოგიერთ დაუცველ ჯგუფს გამაძლიერებელი დოზა ესაჭიროება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში იმუნური დაცვა კარგად და დიდხანს გრძელდება.

“ბუსტერ-დოზის” შესახებ დიდი ბრიტანეთის ვაქცინების საკონსულტაციო ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მალე გახდება ცნობილი.

იმუნიზაციისა და ვაქცინაციის ერთობლივმა კომიტეტმა (JCVI) უკვე განაცხადა, რომ მესამე დოზა უნდა შესთავაზონ ძალიან  დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს, ასეთი ადამიანი კი დიდ ბრიტანეთში, თითქმის, ნახევარი მილიონია.

მაგრამ ამ ეტაპზე, არ არის გადაწყვეტილი, საჭიროა თუ არა ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის გამოყენება უფრო ფართოდ.

JCVI-ის მიერ ივლისში გაცემული პირველადი რჩევის მიხედვით, 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა უნდა მიიღოს მესამე დოზა, მათ შორის 50 წელს ზემოთ მყოფმა ყველა ადამიანმა.

დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ “ფაიზერისა” და “ასტრაზენეკას” გამოყენება გამაძლიერებელი ვაქცინების სტატუსით უკვე დაამტკიცა.

ახლა მისაღებია საბოლოო გადაწყვეტილება – ვინ მიიღებს “ბუსტერ-დოზას” – მოსახლეობის გარკვეული თუ სრული ნაწილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები