ვარკეთილის მე-3 მასივის მე-8 კვარტალში მდებარე N12 კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ევაკუაცია კორპუსის დანგრევის საფრთხის გამო გახდა საჭირო.
როგორც სამგორის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ კორპუსს მინიჭებული ჰქონდა დაზიანების მეოთხე ხარისხი და ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება მოსახლეობასთან ქირით გასვლის თაობაზე.
„მოსახლეობას არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილება, მოეძებნათ დროებითი საცხოვრებელი ბინები, რომელთა დაფინანსებასაც უზრუნველყოფდა სამგორის გამგეობა. სამწუხაროდ, მხოლოდ ხუთი ოჯახი დათანხმდა გამგეობის წინადადებას და ისინი ქირით არიან უზრუნველყოფილნი.
კორპუსში მცხოვრები დანარჩენი 30 ოჯახი დღეს დატოვებს საცხოვრებელ ადგილს. სამგორის გამგეობა მათ გადაანაწილებს სასტუმროებში, ვიდრე არ მოძებნიან დროებით საცხოვრებელ ბინებს და არ ჩაერთვებიან ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში.
ადგილზე მობილიზებულია თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური“, – აღნიშნულია სამგორის რაიონის გამგეობის განცხადებაში.