“გამოაცხადეს, რომ მშრალ შიმშილობაზე გადადიან, მე ვთხოვე, იქნებ რამდენიმე დღე გადაეწიათ მშრალ შიმშილობამდე გადასვლა, რადგან ნაშიმშილებ ორგანიზმზე არ ვიცით როგორ შეიძლება განვითარდეს ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა.” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც თბილისში ჩამოსულ შუქრუთის მოსახლეობას შეხვდნენ.
ვაშაძე აქციის მონაწილეებთან თანაპარტიელ პაატა მანჯგალაძესთან ერთად მივიდა და განაცხადა, რომ შეეცდება, ჰქონდეს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან კონტაქტი და მათ საპარლამენტო შუამდგომლობითაც მიმართოს:
“უმძიმესი ვითარებაა, 25 დღეა შიმშილობენ და ადამიანებს პირი აქვთ ამოკერილი. დღეს გამოაცხადეს, რომ მშრალ შიმშილობაზე გადადიან, მე ვთხოვე, იქნებ რამდენიმე დღე გადაეწიათ მშრალ შიმშილობამდე გადასვლა, რადგან ნაშიმშილებ ორგანიზმზე არ ვიცით როგორ შეიძლება განვითარდეს ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათი მოთხოვნაა, რომ ცალმხრივი შეთანხმება შედგეს “ჯორჯიან მანგანეზს”, მოსახლეობასა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შორის. როგორც კანონშია გაწერილი ზარალის ანაზღაურების წესი, ასე მოხდეს მათი ზარალის ანაზღაურებაც.
მე შევეცდები მქონდეს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან კონტაქტი და საპარლამენტო შუამდგომლობითაც მივმართო. პარლამენტის დონეზე რადგანაც ფრაქცია შევქმენით, შეგვიძლია დავიბაროთ შესაბამისი მინისტრები, მოვიყვანოთ უწყების ხელმძღვანელები, ამას ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ 10 დღე მაინც დასჭირდება, რომ ვინმე მოვიდეს პარლამენტში და მქონდა თხოვნა, რომ მშრალი შიმშილობა გადაეწიათ.” – განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, შუქრუთის აცხოვრებლების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ – მათმა ნაწილმა პირი ამოიკერა – ამბობენ, რომ კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის გამო სახლები ენგრევათ, კომპანია კი კომპენსაციის გადახდაზე უარს აცხადებს.