მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა გრძელდება. ღამით, ბეტონის საყრდენ კონსტრუქციაზე ლითონის მალის ნაშენი დამონტაჟდა.
სამუშაოების განხორციელებისას ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე. მისი თქმით, პროექტის მშენებლობის პროცესი არ გამოიწვევს საავტომობილო მოძრაობის მნიშვნელოვან შეფერხებას.
“ღამით დამონტაჟდა მალის ნაშენის ბოლო კონსტრუქცია. ეს არის 36 მეტრიანი ლითონის ნაკეთობა, რომლის მონტაჟის შემდეგ, გზის სავალი ნაწილის თავზე აღარ იქნება მნიშვნელოვანი სამუშაოები საწარმოებელი, რაც ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვის აუცილებლობას მოხსნის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ პროექტში შეტანილი ცვლილების შედეგად, ათეულობით ხის მოჭრის საჭიროება აღარ დგას. პროექტის ღირებულება ჯამში 4,7 მილიონ ლარამდეა და მისი დასრულება მარტი-აპრილის პერიოდში იგეგმება,” – განაცხადა გალაქტიონ ბუაძემ.
პროექტი, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობის განტვირთვას უზრუნველყოფს, ხოლო საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის.
პროექტის მიხედვით, მოძრაობა ასევე, განიტვირთება ნუცუბიძის პლატოდან ვაშლიჯვრის გავლით დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.
სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს კომპანია “ენ სი სი”.