„ზუსტად ერთი წლის წინ ვიზეიმეთ და გაიმარჯვა ჯანსაღმა აზრმა, მძიმე ფასად, მაგრამ მთავრობა ვაიძულეთ უკან წაეღო ეს კანონპროექტი. არ მეგონა კიდევ ერთხელ თუ მომიწევდა ამაზე საუბარი. რატომაა ეს კანონი რუსული ამის ახსნა მარტო იმ ადამიანებს სჭირდება, ვინც გაჟღენთილია პროპაგანდით“, – ამის შესახებ ვეტერანმა კალათბურთელმა, ვატო ნაცვლიშვილმა განაცხადა.
როგორც მან „მთავარი არხის“ ეთერში კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, „მარტივი მისახვედრია, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, ელჩები, ყველა ვისაც კი გული შესტკივა და 35 წელია ჩვენს ქვეყანას გვერდით უდგას, გვეუბნებიან, რომ არაა მიზანშეწონილი ამ კანონის მიღება“:
„ჩვენ ოჯახში თუ გინდათ თქვენ ადგილი დაიკავოთ, არ ვართ მომხრე ამ კანონისო. რატომ რუსული?! იმიტომ რომ ცივილური სამყარო გეუბნება, რომ ეს რუსულია! მტერი გვყავს ერთი და სახელი აქვს რუსეთის ფედერაცია!
რამდენიმე კვირის წინ მთელი ერი გაერთიანებული იყო ფეხბურთელების ასეთი წარმატების გამო და იქ, ამ სიხარულში და ზეიმში, პოლიტიკურ ნიშანს ვერ ნახავდით. ჩვენ ქართველებს ჭირში უფრო გვიყვარს ერთმანეთში მხარდაჭერა და სიხარულს ვერ ვიზიარებთ ხოლმე. მტერი ზუსტად მაგაზე, მაზოლზე გვაჭერს ფეხს.
როგორც კი დაინახეს რომ სიხარულის და ბედნიერების გარშემო ვერთიანდებით, ზუსტად მაგის გამოძახილია რომ ეს კანონი ხელახლა შემოიტანეს. [უნდათ] ერი გახლიჩონ და კიდევ დაპირისპირება იყოს. მარტივი [მისახვედრია] ეს დაპირისპირება ვის აძლევს ხელს.
ბედნიერი ერი სწორად აკეთებს წყალგამყოფს იმაზე, რა უნდა თავისი შვილების მომავლისთვის… ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ვინაა ჩვენი მოკავშირე და ვინ მტერი, მერე სახელების ამქვეყნადაა ამა თუ იმ კანონზე ძალიან მარტივია“. – განაცხადა ვატო ნაცვლიშვილმა.