ველისციხის ინციდენტის შემდეგ დაკავებული ქეთევან მირიანაშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანილი. ამის შესახებ “ქრონიკას” მისმა შვილმა განუცხადა, რომელიც კახეთის პოლიციის დეპარტამებტი ცოტა ხნის წინ დატოვა.
დავით მირიანაშვილი ამბობს, რომ დეპარტამენტში უკვე მეორედ იმყოფება, თუმცა მისი ოჯახის წევრის ნახვას ვერ ახერხებს.
“ახლა მითხრეს, რომ საავადმყოფოშია გადაყვანილი. რისთვის არ ვიცი. აქ მოვედი , რომ ჰიგიენური საშუალებები მიმეცა. ძალიან ცუდად მოუქცა , როცა პოლიციის მანქანა დააზიანა. ქეთინო მირიანაშვილი 187-ე მუხლის პირველი ნაწით დააკავეს”- ამბობს დაკავებულის შვილი.
ველისციხის ინციდენტში მონაწილე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ვალერი მუსაევს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მუსაევი საპატიმროს თანხის გადახდისთანავე დატოვებს.
დღესვე ველისციხის ინციდენტის გამო დაკავებული გოჩა მაისურაძე და მამუკა უსინაშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. ასევე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დავით კირკიტაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას 9 აპრილის ტრაგედიას ადარებენ. როგორც ნიკა მელიამ სასამართლოსთან სიტყვით გამოსვლისას თქვა, კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარია.
დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად 19 დეკემბერს წარუდგინეს. კირკიტაძე შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების გამო 17 დეკემბერს გურჯაანში დააკავა. ამ დროს ის თანაგუნდელთან, ნიკა მელიასთან ერთად იყო.