ვენეციის კომისიის მიერ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით „გადაუდებელ მოსაზრების“ გამოქვეყნებას, რომლის თანახმადაც „კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ეხმიანება. მისი განმარტებით, „ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ოცნებამ“ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო“.
ჩიხლაძის განცხადებით, ახლა ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“ რამდენად გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის დასკვნას, ხელმეორედ შეიტანს კანონს თუ დაძლევს ვეტოს.
„ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო, კიდევ ერთხელ აღნიშნა ის არამართებულობა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ვეტო სწორი იყო. იმდენად ანტიდასავლური, ანტიეროვნული კურსი აირჩია, რომ პირიქით, „ჯინაზე“ დაძლევს ვეტოს და ძალაში დატოვებს ამ კანონს. კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს ვერცერთ კრიტერიუმს. ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ამ ფორმით, ამ კანონის მიღების დასაბუთება არ არის და მით უმეტეს, არანაირი დასაბუთება არ ყოფილა დაჩქარებული წესით ამ კანონის მიღების. თუ დასაბუთება არ არის, რომ ეს კანონი საჭიროა, პირიქით, არის მტკიცებულებები, რომ ეს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს უფრო ზღუდავს, ერთმნიშვნელოვნად, ამ კანონის საჭიროება არ არსებობს. ყველაფერი მიანიშნებს, რომ ეს კანონი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გააძლიეროს რეპრესიული აპარატი საქართველოში და გააძლიეროს ზეწოლა დემოკრატიულ ღირებულებებზე“, – განაცხადა ჩიხლაძემ.