ქვეყანაში არსებული ეპიდვიტარების ფონზე, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში აცხადებენ, რომ რამდენიმე ადგილი აქვთ თავისუფალი, რეანიმაციაში კი ადგილი საერთოდ არ აქვთ.
როგორც ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლია გოლიაძე “რუსთავი 2-თან” აცხადებს, მათს კლინიკაში შეყვანილი ინფიცირებულებიდან, უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი არ არის:
“პრაქტიკულად, რამდენიმე თავისუფალი ადგილი გვაქვს, რომელიც ალბათ გაწერილი პაციენტების ხარჯზეა. პრინციპში, რასაც ვწერთ, ის ადგილები შემდეგ ისევ ივსება.
რეანიმაციაში ადგილი საერთოდ არ გვაქვს. თერაპიული და პედიატრიული განყოფილებები ძალიან დატვირთულია. იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც ჩვენთან შემოდიან, ვერ ვიტყვი, რომ მსუბუქია”, – აცხადებს ლია გოლიაძე.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის არსებულ რესურსსა და იქ მყოფი პაციენტების მდგომარეობაზე საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ნოდარ ჩიმაკაძე საუბრობს:
“დღეის მდგომარეობით, ჩვენს კლინიკაში 250-მდე პაციენტია, მათ შორის, დაახლოებით, 60 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, სამის მდგომარეობა კრიტიკულია.
ამ ეტაპისთვის, თავისუფალი საწოლების რაოდენობა, როგორც თერაპიულ, ისე რეანიმაციულ განყოფილებებში გვაქვს, მათ შორის პედიატრიაშიც”, – განაცხადა ნოდარ ჩიმაკაძემ.
შეგახსენებთ, დღის კოვიდსტატისტიკა ასეთია: გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა 14 405 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 42 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 24 409 პაციენტი.