თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი სროლისას დაჭრილი მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ “ფორტუნას” რესპუბლიკურ საავდმყოფოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც საავადმყოფოში განმარტავენ, მამაკაცს, რომელიც გუშინ მათთან შეიყვანეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული და გუშინვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.
გუშინ, ვერცხლის ქუჩაზე სროლისას, ერთი პირი, ზვიად ჯაფარიძე დაიღუპა, ერთი მამაკაცი კი დაიჭრა.
არსებული ინფორმაციით, ზვიად ჯაფარიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის წარსულში არაერთგზის ნასამართლევი პირი იყო, შესაბამისად, არ გამორიცხავენ, მკვლელობა შურისძიებას უკავშირდებოდეს.
მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.
საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
