LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვფიცავ ჩემი შვილის სულს, ბოლომდე ვიბრძოლებ! – სარალიძე მიმართვას ავრცელებს

392
E2E85585-FE7A-4087-94EA-43E7C9C29A20_cx0_cy2_cw0_w1023_r1_s

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მიმართვას ავრცელებს.

სარალიძე დარწმუნებულია, რომ ბრალდების მხარე რეალური დამნაშავეების დაფარვას ცდილობს. მოკლულის მამა აცხადებს, რომ მოწმეები ცრუ ჩვენებებს იძლევიან და სასამართლოზე დაუჯერებელ ვერსიებს იგონებენ, პროკურორი კი სიმართლის დაფარვით არის დაკავებული.

ზაზა საარალიძე აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს დანაშაულის ჩამდენი პირების დასასჯელად.

მიმართვას სოციალურ ქსელში მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ავრცელებს.

„ბატონო მოსამართლენო, მოგმართავთ განცხადებით, ვინაიდან სასამართლო პროცესზე არ ვარ ცნობილი მხარედ და არ მეძლევა სიტყვის თქმის უფლება. ძალიან ძნელია ჩემთვის, ვუსმინო როგორ ცდილობენ საქმის არასწორად წარმართვას და ხმა არ ამოვიღო. როგორ ცდილობენ საქმიდან უდანაშაულოდ გამოვიდეს ძირითადი დამნაშავე, უფრო მეტიც ძირითად სანდო მოწმედ წარმოაჩინონ.

როდესაც დაიწყო ჩემი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიება, აქტიურად ვხვდებოდი ინციდენტში მონაწილე პირებს, ვიღებდი მაქსიმალურ ინფორმაციას, რათა დამედგინა მომხდარის დეტალები. ასევე შეძლებისდაგვარად ვცდილობდი თვალი მედევნებინა გამოძიების მიმდინარეობისთვის. ვინაიდან გამაჩნდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თავიდანვე აშკარად ჩანდა, რომ საგამოძიებო ორგანო ხელს აფარებდა დამნაშავებს, რომლებმაც, დანამდვილებით ვიცი, რომ უშუალოდ მიაყენეს ჭრილობები ჩემს შვილს. ჩემ მიერ თვითმხილველი პირებისგან მიღებული ინფორმაციები ძალიან განსხვავდებოდა ამ პირთა მიერ თავიდანვე, გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციისგან.

რა თქმა უნდა, ვინაიდან ვხედავდი რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდიოდა, მქონდა პროტესტი ბრალდების მხარის მიმართ, რასაც ხშირად ვაჟღერებდი ტელევიზიით. თუმცა არსებითი განხილვის დაწყებისთანავე, როდესაც უნდა მომხდარიყო სასამართლო პროცესზე ჩემი დაკითხვა, პროკურორებმა დამაიმედეს, რომ მოწმეები სასამართლო პროცესზე მაინც დაიწყებდნენ სიმართლის თქმას და პროცესის მიმდინარეობის დროს გაირკვეოდა სრული სიმართლე.

სამწუხაროდ, არსებითი განხილვის დროს არათუ გაღრმავდა ჩემი ეჭვები, არამედ 100%-ით დავრწმუნდი, რომ ბრალდების მხარეს ეს საქმე ისე აქვს გამოძიებული, რომ დაიფაროს სიმართლე და რეალური დამნაშავეები გადაურჩნენ სასჯელს. ბრალდების მხარე ცდილობს ყველაფერი გადააბრალოს ორ ადამიანს და მიჩქმალოს იმ პირთა დანაშაული, ვინც ასევე მათთან ერთად  განახორციელა ჩემი შვილის მკვლელობა!!!

მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ იურისტი, ჩემი თვალით ვხედავ, როგორ ცვლიან მოწმეები ჩვენებებს, როგორ აძლევენ სასამართლოს ცრუ ჩვენებებს, როგორ დაუჯერებელ ვერსიებს იგონებენ. ჩემი თვალით ვხედავ როგორ ცდილობს პროკურატურა დაფაროს სიმართლე და ფაქტიურად გამოუძიებელი საქმე წარმოგიჩინოთ კარგად გამოძიებულ საქმედ. ჩემი თვალით ვხედავ, რომ სასამართლოში დაკითხული მთავარი მოწმეების ჩვენებების დაჯერება ყველა ნორმალურ, საღად მოაზროვნე ადამიანისთვის სრულიად წარმოუდგენელია. პროკურორი კი, ამ ყველაფერის მიუხედავად, გამოდის და საზოგადოებას (რომელიც დახურული სხდომების მიმდინარეობას სამწუხაროდ თვალს ვერ ადევნებს) ნაცარს აყრის სახეში და ატყუებს თითქოს ბრალდების ვერსია მტკიცდება სასამართლოში.

ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურა ცდილობდეს სიმართლის დადგენასა და დამნაშავეების გამოაშკარავებას, პროკურატურა ცდილობს ორი ბრალდებულის დასჯით გადაფაროს სხვების მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული – ჩემი შვილის სასტიკი მკვლელობა!

რაც შეეხება ბრალდებულებს (გ.ჯ.და გ.ბ) პროკურატურა ცდილობს სხვა პირების (რომლებიც არ არიან დასჯილი) ნამოქმედარიც მათ მიაწეროს. მეორეს მხრივ თავად ბრალდებულები ცდილობენ შეიმსუბუქონ მდგომარეობა და საქმე თავდაცვით გაამართლონ. არა ბატონო მოსამართლენო, ეს იყო განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში,  ჩადენილი ჯგუფურად, და ამ დანაშაულის ჩამდენი მხოლოდ ერთი პირია სასამართლოზე წარდგენილი (დავით სარალიძის ეპიზოდში).  ჩემი მიზანია ყველა პირი დაისაჯოს მათი ქმედების პროპორციულად. მე არ მსურს, ჩემი გარდაცვლილი შვილის სული დავამძიმო პირის იმაზე მძიმედ დასჯით ვიდრე ის იმსახურებს, მაგრამ არც იმას დავუშვებ, რომ დამნაშავეები, რომლებიც გარეთ თავისუფლად დადიან, დაუსჯელი დარჩნენ!!!

სამწუხაროა, მაგრამ დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა არ არიან ადეკვატურები ამ უმძიმესი დანაშაულის მიმართ,  პროკურატურა მთელი ძალით ცდილობს გაიტანოს პირვანდელი ბრალდება სააპელაციო სასამართლოში, მაქვს იმედი, რომ სასამართლო არ მოექცევა პროკურატურის ზემოქმედების ქვეშ. მაქვს იმედი, რომ თქვენი განაჩენით არ გაიზიარებთ პროკურორების მიერ გამოგონილ ვერსიებს და გადადგამთ ნაბიჯს სამართლიანობისკენ.

ვფიცავ ჩემი შვილის სულს, რომ მე ბოლომდე ვიბრძოლებ და მივაღწევ იმას, რომ დაისაჯონ დანაშაულის ჩამდენი პირები, რომლებსაც დიდი მონდომებით მფარველობენ და რომლებიც დღეს გარეთ თავისუფლად დადიან!

გთხოვთ რომ იყოთ პრინციპული, ობიექტური, მიუკერძოებლად შეაფასოთ ის მასალები და ჩვენებები, რომლებიც წარმოდგენილია საქმეში. გთხოვთ, როგორც მოსამართლემ, თქვენი განსაკუთრებული წვლილი შეიტანოთ ამ საქმეზე ყველა დამნაშავის გამოსააშკარავებლად და საბოლოოდ სიმართლის დასადგენად.

მე ბრძოლას საბოლოო მიზნის მიღწევამდე არ შევწყვეტ!

პატივისცემით,

ზაზა სარალიძე“ – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g