საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციასთან დიალოგის პროცესში, სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია. ამის შესახებ მან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საბოლოო შედეგი საღამოს გამოიკვეთება, როდესაც კრისტიან დანიელსონი მხარეებთან შეხვედრებს დაასრულებს.
“ძალიან მშვიდი და საქმიანი საუბარი იყო დღეს. ვფიქრობ, რომ სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია და თუ ოპოზიციაც ამ რეალური გადმოსახედიდან შეაფასებს შეთანხმების შესაძლებლობას, იმედი მაქვს, შედგება შეთანხმება. დღეს კიდევ გაიმართება შეხვედრები და დღის ბოლომდე, ვფიქრობ, გამოიკვეთება შესაძლებლობა, რომ ჩვენ შევთანხმდეთ და პოლიტიკურ თანხმობას მივაღწიოთ.
“ქართული ოცნება” მზად არის სამართლიან პირობებში შეთანხმებისთვის. ჩვენ ამ დიალოგში ჩვენს პასუხისმგებლობას სრულად ვაჩვენებთ, რაც არის ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომელთაც, პანდემიის მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს და ორმა მილიონმა ჩვენმა თანამოქალაქემ მისცა ხმა სხვადასხვა პარტიას”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
