“თებერვლის ბოლომდე, ვფიქრობთ, რომ ჩვენ გვექნება საშუალება, გავხსნათ ვაქცინაციის ცენტრები და უკვე იყოს დაწყებული 15 000-მდე სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის პროცესი.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინას ქვეყანა უკვე ელოდება და “ფაიზერის” ვაქცინა იქნება პირველი, რომელიც ქვეყანაში ჩამოვა. მისივე თქმით, დღეიდან უკვე მობილიზებულია 10 ე.წ. ვაქცინაციის ცენტრი:
“როგორც მოგეხსენებათ, “ფაიზერის” ვაქცინა იქნება პირველი ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში ჩამოვა. დღეიდან უკვე მობილიზებულია 10 ეგრეთწოდებული ვაქცინაციის ცენტრი.
ვაქცინაცია “ფაიზერით” ჩატარდება მხოლოდ იმ ჰოსპიტლებში, რომელთაც ექნებათ გარკვეული მოთხოვნები და ეს მოთხოვნებიც უკვე მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია.
რეგულირების სააგენტო განახორციელებს აქტიურ ვიზიტებს მოსამზადებლად, იმისათვის, რომ როგორც კი პირველი ვაქცინა ქვეყანაში ჩამოვა, მეორე დღიდანვე დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი.” – განაცხადა გაბუნიამ.
