მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი 18 ოქტომბერს პეკინში გამართულ ფორუმს და ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს დაესწრო, რომელსაც ასევე ესწრებოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
აღნიშნულ ინფორმაციას „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ „საქართველოს ვიცე- პრემიერის ვახშმობა პუტინთან ერთად, ერთ სუფრაზე, მორალური და პოლიტიკური კრახია“.
გოცირიძის თქმით, არასწორია იმ ფორუმებში მონაწილეობა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იღებს მონაწილეობას.
„საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა იმ ფორუმზე, სადაც პუტინი იყო, არასწორია. თუნდაც, რაიმე გარემოებათა გამო, იმ საკითხების გამო მომხდარიყო ეს, რაც საქართველოს ეხება, ელემენტარული ზნეობრივი პოზიცია არსებობს და სუფრაზე მაინც არ დაჯდებოდა მასთან. არავინ ექაჩებოდა, რომ პუტინის გვერდით ევახშმა. სიმბოლოებს აქვს დიდი მნიშვნელობა. საქართველოს ვიცე-პრემიერი პუტინთან ერთად, ერთ სუფრაზე, რომელიც ასევე პოლიტიკური სუფრა იყო, ნიშნავს როგორც მორალურ, ასევე პოლიტიკურ კრახს“, – განაცხადა გოცირიძემ.