მთავრობა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობას ეხმაურება. ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მთელი გუნდის ინტერესი გამოძიების დროულად დასრულებაა. მისივე თქმით, გამოძიება ტერორიზმის მუხლის გარდა, სპეცოპერაციაზეც მიმდინარეობს.
დღეს მინისტრი პანკისის ხეობის ახალგაზრდებს ხვდებოდა, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის დედაც ესწრებოდა. მედიკო მარგოშვილი გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდა, რაზეც მაია ცქიტიშვილმა კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„რა თქმა უნდა, ოჯახს ყველაზე ძალიან აწუხებს ეს საკითხი და ყველაზე სწრაფად უნდა პასუხების მიღება, მაგრამ მიმდინარეობს კომპლექსური გამოძიება, როგორც ტერორიზმის მუხლით, ასევე სპეცოპერაციასთან მიმართებაშიც. არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს არის ძალიან რთული პროცესი, რომელიც ერთ ან ორ თვეში ვერ დასრულდება. ჩემი და მთელი ჩვენი გუნდის ინტერესიც არის, რომ გამოძიება დროულად დასრულდეს და წარიმართოს ისეთი სტანდარტით, რომელიც შემდგომში არავის დაუტოვებს კითხვის ნიშნებს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.