23 იანვარს, 18:00 საათზე, ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ წარმომადგენლები თეატრის წინ საპროტესტო მანიფესტს წარადგენენ.
„ახალი თეატრი“, რომელიც საკუთარი დასის წევრის, დაკავებული ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვს, აცხადებს, რომ ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.
ვასო აბაშიძის ახალი თეატრის ხელმძღვანელის, რეჟისორ დავით დოიაშვილის განცხადებით, 23 იანვარს საზოგადოება ნახავს, თუ რა ძალა აქვს თეატრს:
„პროკურატურის მოთხოვნა იყო, რომ ეს ბიჭები დარჩნენ ციხეში და ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ გადაეხედათ, რასაკვირველია, პროკურატურამ ეს არც გაითვალისწინა, ისევე როგორც არ გაითვალისწინა 2 000 ხელმოწერა და არ გაითვალისწინა ჩვენი ვიდეომიმართვა.
ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ვერ გვხედავენ და არ ვარსებობთ. 23 იანვარს დაგანახებთ ჩვენს თავს, ნახავთ, რა ძალა აქვს თეატრს.
ეს იქნება ჩვენი თეატრის მანიფესტი, რომელშიც შემდეგში, დარწმუნებული ვართ, შემოგვიერთდებიან ყველა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და ვაჩვენებთ ძალიან დიდ სოლიდარობას და ვაჩვენებთ ყველაზე მთავარს – ეს იქნება მაგალითი, როგორ შეგვიძლია დავიცვათ ერთმანეთი და ეს იქნება გადამდები“, – განუცხადა დავით დოიაშვილმა „ტვ პირველს“.