2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის გმირულად დაღუპულ ქართველ მებრძოლებს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივს მიაგებენ.
ადგილზე იმყოფებიან გარდაცვლილი მებრძოლების ოჯახის წევრები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს იხსენებენ:
„გიორგის გარეშე 16 მძიმე წელი გავიდა, მაგრამ, მის გარეშე, ფაქტობრივად, არც ერთი დღე არ ყოფილა.
გიორგი ჯარისკაცი იყო, გამოიძახეს, წავიდა ომში და შემდეგ ტყვედ აიყვანეს. არ დაიჩოქა და ამის გამო აწამეს, შემდეგ გამოჩნდა მისი წამების კადრები, ეს კადრები დღემდე არ მაქვს ნანახი“, – უთხრა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ „ტვ პირველს“.
გიორგი ანწუხელიძე 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტია, რომელიც ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ ოსმა სეპარატისტებმა მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.