16 აგვისტოს, გლდანში, სავაჭრო ცენტრის სახურავზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, ფიტნესცენტრ „მატა ფიტნესის“ დამწვარი ფილიალის მფლობელები ვიდეომიმართვას ავრცელებენ და მოქალაქეებს მიმართავენ.
მარიამ შინდაგორიძე და ტატო ჯოგლიძე საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან და აღნიშნავენ, რომ ასეთ დროს ერთი გამამხნევებელი სიტყვაც კი მათ უდიდეს ძალას აძლევთ:
„ფილიალის გახსნას სამ დღეში ვაპირებდით. 7 თვის განმავლობაში ყველანაირი ფინანსური თუ ფიზიკური ძალები ამ დარბაზს მოვახმარეთ.
ალბათ, ყველას აქვს თავისი კოშმარი და თუ ვინმე მკითხავს, როგორია ჩემი ჯოჯოხეთი, ეს არის ჩემი კოშმარი და ჯოჯოხეთი.
ცეცხლის გაჩენის დროს დარბაზში ჩემი მეუღლე, 8 წლის შვილი, მამა და ჩემი მეგობარი იყვნენ. ყველაფერი წამებში მოხდა, ამ საშინელებას, ღმერთის წყალობით, გამოასწრეს.
ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს, იყო თუ არა დაზღვეული, ამხელა ბიზნესი როგორ არ დავაზღვიეთ… გვინდოდა, რომ სრულფასოვნად გავხსნილიყავით, ყველაფერი ჩართულიყო, მოგვეყვანა უსაფრთხოების სამსახური და რა თანხებიც იყო დახარჯული, იმ თანხად დაზღვეულიყო. აქედან გამომდინარე, ფიზიკურად ვერ მოვასწარით, ბოლო ეტაპზე ვიყავით, უსაფრთხოების სამსახურსაც ველაპარაკეთ, უნდა მოსულიყვნენ, შეთანხმებულები ვიყავით, რომ უნდა დაგვეზღვია.
ყველანაირი იმედი დავკარგეთ და ფარ-ხმალი დავყარეთ, აღარ მეგონა, აქ თუ რამე შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ, უფლის წყალობით, მეგობრების დახმარებით და დაჟინებით, და თქვენი, ყველას დახმარებით, დიდი სიყვარულითა და გვერდში დგომით, პატარა იმედის ნაპერწკალი გაჩნდა.
ვერც წარმოვიდგენდი, ასეთი რამ თუ მოხდებოდა. გაჩნდა იმედი, რომ ამ ჯოჯოხეთს, ამ საშინელებას ფერები თავიდან შეემატოს და სიცოცხლე დაუბრუნდეს.
ყველას, ვინც კი ერთი გამამხნევებელი სიტყვა, გული მოგვწერა, ერთი ლარი ჩარიცხა, შეწუხდა – ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. მადლიერებას ვერ გამოვხატავ, თავი სიზმარში მგონია“, – ამბობს ტატო ჯოგლიძე ვიდეომიმართვაში.
„დავინახე დიდი თანადგომა, მოქალაქეებმა ისე გაიზიარეს ჩვენი ტკივილი და გასაჭირი, თითქოს მათი გასაჭირია. თქვენი ერთი სიტყვაც კი უდიდესი გამხნევებაა, ვერ წარმოიდგენთ, ეს ყველაფერი რამხელა ძალას გვაძლევს და როგორ გვაძლიერებს.
ვერ წარმომედგინა, სიტყვას და ერთ გულსაც კი ამხელა ძალა თუ ჰქონოდა. ძალიან დიდი მადლობა გადმორიცხული თითოეული თეთრისთვის“, – აღნიშნავს მარიამ შინდაგორიძე.