გადაცემა „დროება“ მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილს სტუმრობდა. ანიტამ გადაცემაში საკუთარ ცხოვრებაზე და კარიერისკენ მიმავალ გზაზე არსებულ სირთულეებზე ისაუბრა.
როგორც მან გადაცემაში საუბრისას აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ლა სკალაში ჩააბარა და საზღვარგარეთ ცხოვრება მოუწია, მილანში სახლებს ალაგებდა და ბიბლიოთეკაში ნოტებს ფუთავდა.
„კონსერვატორიაში მანანა ეგაძესთან ვსწავლობდი. მან მომცა ის მომავალი, რომელიც დღეს მაქვს. მისი დაჟინებული თხოვნით, 2007 წლის ივლისში წავედი ლა სკალას აკადემიის გამოცდებზე.. მას არ უნდოდა, რომ საქართველოში დავრჩენილიყავი, დარწმუნებული იყო, რომ ჩემი მომავალი იყო ევროპაში.
იმ დროს თანხა არ გვქონდა. მე და მამაჩემი კარდაკარ დავდიოდით, მათ შორის კულტურის სამინისტროშიც, არც კი შეგვიშვეს არავისთან.. ასევე ვიყავით სხვადასხვა ბიზნესმენთან, არტისტთან, რომლებიც იმ დროს რამეს წარმოადგენდნენ მსოფლიოში. დამცირების და სახეში კარის მიხურვის გარდა არაფერი არ გვახსოვს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ოჯახის ძალიან ახლო წევრებმა და მეგობრებმა მოაკოწიწეს, რაც კი შეეძლოთ, რომ გავეშვი მოსმენაზე, რომელიც 2007 წლის ივლისში იყო.
წავედი, ჩავაბარე, მიმიღეს ლა სკალას აკადემიაში.. 400 ადამიანი გადიოდა გამოცდას და იქიდან მხოლოდ 7 მოვხვდით აკადემიაში. მხოლოდ მე ვიყავი ქართველი. რომ დავრეკე ქალბატონი მანანა იდგა და სიხარულისგან მთელ უბანს უყვიროდა, ჩემმა ანიმ ჩააბარაო..
მილანში ვალაგებდი სახლებს, ასევე ვმუშაობდი ბიბლიოთეკაში და ვფუთავდი ნოტებს. მქონდა ხოლმე ასეთი პატარ პატარა სამუშაოები, როდესაც აკადემიის მთავრდებოდა, შემეძლო საღამოს საათებში მემუშავა“, – აცხადებს ანიტა რაჭველიშვილი.