ინფლუენსერი და ჟურნალისტი ნათია გვაზავა, სოციალურ ქსელში ცნობილი როგორც Natia Talks-ი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია.
ნათია ფართო საზოგადოებამ გაიცნო, როდესაც ის ახალგაზრდა ბიჭს ცხოვრებისკენ მობრუნებაში დაეხმარა. ქუჩიდან ბინაში გადაიყვანა და სამსახურიც აპოვნინა.
ნათია აფხაზეთიდან დევნილია. როგორც ის იხსენებს, ბავშვობაში ძალიან უჭირდათ. იყო დრო როდესაც მათ ჩაცმულობის და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ალმაცერი მზერის ატანა უწევდათ.
„აფხაზეთიდან რომ წამოვედით 2 თვის ვიყავი. ჩემი ძმის დაბადების დღეზე დაიწყო ომი. როგორღაც ჩავედით რუსეთში და აქედან ახალი ცხოვრება დაიწყო. კურსკში მოგვცეს ბინა, დედაჩემი რაღაცეებს კერავდა და ასწავლიდა. ჩვენივე უბანს ხვეტავდა, რომ ეს ბინა მოეცათ. დედამ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. ჩამოვედით საქართველოში და ახლიდან დავიწყეთ ყველაფერი. ქართული არ ვიცოდი და შეშინებული ვიყავი.
დედას თავის მშობლებთან უნდოდა ყოფნა. შემდეგ დაიწყო მუშაობა. ჩვენ 6-12 წლამდე დრო რესპუბლიკურ საავადმყოფოში გავატარეთ. ერთ ოთახში ძალიან ბევრნი ვიყავით. რამდენიმე ადამიანი დერეფანში ცხოვრობდა. კომენტარები იყო ჩვენზე, რომ სულ ერთი და იგივე გვეცვა. ყველა რომ საჭმელად გადიოდა, ჩვენ ვერ გავდიოდით.
დედაჩემს სულ ვთხოვდი, ლილოში წავიდეთ საყიდლებზე მეთქი. სულ მრცხვენოდა სკოლაში რომ კარაქიანი პურები მომქონდა და ეს უნდა მეჭამა, სხვები კი კაფეტერიაში დადიოდნენ. მაგ დროს ვერ ვიაზრებდი როგორ უჭირდა დედას .
ეს ყველაფერი დაბლოკილი მაქვს და ამ მოგონებებში არ შევდივარ. კი გესმის თითქოს ყველაფერი, მაგრამ მაინც ყალიბდები როგორც მსხვერპლი. თითქოს გარშემო ყველა ისე გიყურებს, რომ რაღაც გჭირს, უნდა დაგეხმარონ. საშინელი დისოციაცია მაქვს, არის დღეები, როდესაც საწოლიდან ვერ ვდგები.
მამაჩემს საკუთარი შვილები არ ჰყავს და სულ ვეუბნები, რომ სისხლით-ხორცით მისიანი ვარ.
არ იყო მარტივი იმ ქალზე დაქორწინება, რომელსაც სამი შვილი ჰყავდა, თან დევნილები.
მართალია შეყვარებულიც არ მყავს, მაგრამ მალე მინდა შვილი გავაჩინო რომ მამამ გაზარდოს. ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენთვის და მინდა ჩემით იამაყოს“, – ამბობს ნათია.
