საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი არხის მენეჯმენტისგან მოითხოვს, შუადღის ეთერი სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დისკუსიას დაეთმოს – ამ მოთხოვნით არხის თანამშრომელთა ნაწილმა დღეს, ტელევიზიის შენობასთან პრესკონფერენცია გამართა. ადგილზე იმყოფებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა გადაცემის რეპორტიორები, რეჟისორები და წამყვანები.
მათი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღის ეთერი არა ფილმების ჩვენებას, არამედ სოციალურ-პოლიტიკურ დისკუსიებს უნდა დაუთმოს, რაზეც მენეჯმენტისგან უარი მიიღეს:
„არხი მიკერძოებულია, დაეთმოს ეთერი საჯარო დისკუსიებს“ – საზმაუს 57 თანამშრომლის საერთო განცხადება
განცხადებას ხელს საზოგადოებრივი მაუწყებლის 58 თანამშრომელი აწერს, მათ შორის წამყვანები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.
„სამწუხაროდ ისევ იმ პოზიციაზე ვარ, რაც დავაფიქსირე საჯაროდ, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა, ვერ პასუხობს საზოგადოების წინაშე არსებულ ამოცანებს და საჭიროებებს. დღეს, საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩვენ, გვაქვს როგორც ადამიანური რესურსი ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში ვუპასუხოთ ნებისმიერ დავალებას. გვაქვს რესურსი, რომ ეთერში სულ მცირე დამატებით ისეთივე ეთერი გვქონდეს, როგორიც არის ეგრეთ წოდებული საგანგებო რეჟიმის ეთერი…
ერთადერთი რაც ჩვენ (საზოგადოებრივ მაუწყებელს) არ გვაქვს, ეს არის ნება და გადაწყვეტილება, რომელიც დასვამს ამოცანებს და ჩვენ მზად ვართ ამ ამოცანების უმოკლეს დროში შესასრულებლად. შესაბამისად ე. წ-ლი საგანგებო ეთერი საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში გამოცხადდება ოფიციალურად საგანგებო მდგომარეობა, სხვა შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ჩვეულებრივ რეჟიმში, რაც დღეს გარკვეული არგუმენტებით, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს, არ ხდება“ – განაცხადა მოამბის წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა „ნეტგაზეთთან“.
პირველ არხთან აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და არხის თანამშრომლებს შორის კამათი იყო
💢 საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი ითხოვს, რომ პირველმა არხმა გახსნას დღის სატელევიზიო ეთერები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიები გაიმართოს. ⭕️ როგორც მათ დღეს საზ. მაუწყებლის შენობის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, ტელევიზია ამ მომენტში ვერ პასუხობს საზოგადოებრივ ინტერესს.
Posted by Netgazeti on ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024