LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო/ფოტო: „საქართველოს ბულბულის“ დათო კენჭიაშვილის კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელიც დედის ხსოვნას მიეძღვნა – „მადლობა ჩემს ერს…“

581
დათო კენჭიაშვილი

7 მარტს, დედის დღისადმი მიძღვნილ მუსიკალურ საღამოზე, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა, მომღერალმა დათო კენჭიაშვილმა მაყურებელს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი კონცერტი აჩუქა.

უკვე მეხუთე წელია, საღამო მომღერლისა და მულტიინსტრუმენტალისტის დედის ხსოვნას ეძღვნება…

დათომ ბენდის წევრებთან ერთად როგორც ძველი, ასევე ახალი სიმღერები შეასრულა საკუთარი რეპერტუარიდან და სცენაზე არაერთგზის მოიხმო საკუთარი სტუდიის „თაობა“ მომღერლები, რომლებთან ერთადაც ერთობლივი კომპოზიციები წარმოგვიდგინა.

საღამოზე შესრულდა ცნობილი „იოროც“, რომელსაც „იუთუბზე“ 42 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ და კიდევ რამდენიმე კომპოზიციის გამო, ასევე მისი გამორჩეული ხმის ტემბრისა და ვიბრაციებისთვის დათოს თაყვანისმცემლებმა „საქართველოს ბულბული“ შეარქვეს.

სცენაზე გამოვიდა დათოს დაც, თათია კენჭიაშვილი, რომელმაც ასევე დედის ხსოვნის პატივსაცემად შექმნილი სიმღერა დიდი ემოციებით შეასრულა. სიმღერის დასრულების შემდეგ, თათიას მეუღლემ, რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა და ბიზნესმენმა, სოსო ტყემალაძემ, ყვავილების თაიგული მიართვა. სცენაზე დედიკოს ყვავილები მიართვა წყვილის ოთხმა შვილმაც და დარბაზისგან განსაკუთრებული ემოციებიც დაიმსახურა.

სავსე დარბაზში დათო კენჭიაშვილის შემოქმედების ნამდვილი თაყვანისმცემლები იმყოფებოდნენ, რომელთაც ზეპირად იცოდნენ ყველა ძველი სიმღერის ტექსტი და მას სიამოვნებით ჰყვებოდნენ. ასეთი დამოკიდებულება მომღერლის სცენაზე ხელშესახები იყო და არაერთხელ გადაუხადა მადლობა საკუთარ მსმენელს დაფასებისა და სიყვარულისთვის…

რასაკვირველია, საღამო ვერ დასრულდებოდა „იუთუბის“ ერთ-ერთი ლიდერი კომპოზიციის, „რამდენი მალოდინე“ შესრულების გარეშე. მის ავტორს, თეონა ქუმსიაშვილს ამ და სხვა სიმღერებისთვის, დათომ სცენიდან არაერთგზის გადაუხადა მადლობა.

შეგახსენებთ, რომ დათო კენჭიაშვილი ქართული „იუთუბის“ ლიდერია. მის სიმღერებს, ჯამში 500 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

კონცერტის დასრულების შემდეგ, დათომ სოციალურ ქსელში მადლიერება გამოხატა: „მადლობა ჩემს ერს“, აღნიშნა მუსიკოსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g