ბოლო ორი დღეა, ქართული და ასევე ამერიკული მედიის ყურადღება 8 წლის მაქსიმე კახიძის ისტორიამ მიიპყრო.
ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ბიჭი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ნიუ-იორკის მერს, ზოჰრან მამდანის ვიდეომიმართვით სთხოვა, რომ McKinley Park-ის ბავშვთა მოედანი გაეხსნათ, პარკის გახსნაზე მიიწვიეს და მას შთამბეჭდავი სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობაც მისცეს.
პარკის გახსნაზე მაქსიმე მერს, ზოჰრან მამდანის შედხვდა და მას მადლობა გადაუხადა.
„ორი თვის წინ ვიდეო გადავიღე, რომელშიც მერ მამადანის ვთხოვდი, ხელახლა გაეხსნა ჩვენი საბავშვო მოედანი მაკკინლის პარკში. დღეს კი წილად მხვდა ბედნიერება, რომ მის გვერდით ვიდგე და ჩემი ისტორია მოვყვე. მე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გავიგე – თქვენს ხმას აქვს მნიშვნელობა, თუკი თქვენ ხედავთ, რომ რაღაც შესაცვლელია, გამოთქვით აზრი და ვინმე თქვენს ხმას მოისმენს“, – აღნიშნა მაქსიმემ.
პარკის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისა და ნიუ-იორკის მერთან შეხვედრის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მაქსიმე კახიძის ბებია და წერს:
„მაქსიმეს (8 წლის) ნიუ-იორკის მერმა ზოჰრან მამდანიმ აუსრულა თხოვნა, პარკი გაუხსნა და ასევე მიიწვია ახალი პარკის გახსნაზე. აგსრულებოდეს, ბებო, ყველა ოცნება. წარმატებები!!!“ – წერს რუსკა ნარჩემაშვილი სოციალურ ქსელში.
