იტალიელი დირიჟორის კარლო პონტის მეუღლე, მარიამ შარმანაშვილი პოდკასტს „მისმინე • Mismine“ სტუმრობდა, სადაც თავის სამოქალაქო პოზიციაზე ისაუბრა.
როგორც მარიამ შარმანაშვილმა განაცხადა, გული შესტკივა არსებულ სიტუაციაზე, როდესაც საზოგადოება ორად არის გახლეჩილი და გამოსავალი არ ჩანს.
„მათ უნდათ, რომ მე არ მქონდეს სამოქალაქო პოზიცია, მაგრამ ნურას უკაცრავად! იყო კომენტარები შეირგე შენი ბედნიერება, გაჩუმდი, კრიტიკას დაიმსახურებ… იყო არაკორექტული კომენტარები. სხვა რამეს ელოდებოდნენ რატომღაც… არ ვიცი რატომ. ალბათ იმიტომ, რომ როგორც ბევრი ცნობადი სახე, მეც ბენეფიტების მიღებას ვისურვებდი.
არაფრის ხარჯზე, არასდროს ჩემს ხმას მაგ კუთხით არ გავაჩუმებ. სამწუხაროდ, აქციებზე სიარულს ვერ ვახერხებდი, საიდანაც შემეძლო და როგორც შემეძლო ყოველთვის ვაფიქსირებდი.
მახსოვს ფარმაცევტების მარში იყო და როდესაც ჩემმა კოლეგებმა მომწერეს, დიდი სიხარულით შევუერთდი. კარლომ მითხრა, მარტო არ გაგიშვებ, აუცილებლად შენს გვერდით უნდა ვიყოო. თავს ვიკავებდი მის წამოსვლაზე, რადგან თუ კრიტიკას დავიმსახურებდი, არ მინდოდა ეს კარლოს მიმართაც ყოფილიყო. მაგრამ მოინდომა და ჩემს გვერდით დადგა, რაც ძალიან გამიხარდა, რა თქმა უნდა, როგორც ქალს. სადაც შენ ხარ, მეუღლე რომ მხარს გიჭერს ძალიან მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა, მაქვს პროტესტი დღევანდელ სიტუაციაზე. ძალიან იმოქმედა ჩემზე იმან, რომ საზოგადოება ორად არის გახლეჩილი, ძალიან დიდი უფსკრულია ჩვენს შორის და ბოლო 2 წელია ძალიან მძაფრად იგრძნობა… მართლა არ ვიცი რა უნდა მოხდეს და გამოსავალს ვერ ვხედავ…
სიმართლე გითხრათ, ოპოზიციის მხრიდანაც იმედგაცრუებული ვარ, რადგან ვისაც უნდა აეღო სადავეები ხელში… არც „ქოცი“ ვარ და არც „ნაცი“. ძალიან ბევრი ადამიანის დღეს რომელსაც ერთი კონკრეტული პარტია არ ჰყავს ამორჩეული, თუმცა სურს ბევრი რამე შეიცვალოს დღევანდელ რეალობაში“, – აცხადებს მარიამ შარმანაშვილი.
