მილიონობით გულშემატკივრისთვის და ერთგული მომხმარებლებისთვის საშობაო განწყობის შექმნა უკვე დაიწყო სწრაფი კვების რესტორნების მსოფლიოში პოპულარულმა ქსელმა McDonald’s-მა. 2020 წლის ოფიციალური საახალწლო ვიდეორგოლი, რომელიც ბრიტანეთის ბაზრისთვის შეიქმნა, უკვე გამოჩნდა youtube.com-ზე და სოციალურ ქსელებში.
წელს, McDonald’s-მა საახალწლო რეკლამის მთავარ პერსონაჟში, შინაგანი ბავშვი გააცოცხლა, რომელიც სანტას მარხილის ირემს მოუთმენლად ელის. ბრიტანული და ირლანდიური “მაკდონალდსის” დაკვეთით გადაღებული რეკლამა დედისა და თინეიჯერი შვილის საახალწლო სამზადისის შესახებ გვიყვება.
აღსანიშნავია, რომ ეს საშობაო რეკლამა ბრიტანული და ირლანდიური “მაკდონალდსის” ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ გრეჰემ-კლერიმ ბრენდის ყველა დროის საუკეთესო საშობაო რეკლამად შეაფასა.
შეგახსენებთ, წინა წელს McDonald’s-ის საახალწლო ვიდეორგოლი ერთი გოგონასა და ირემის თბილ ურთიერთობაზე გვიყვებოდა. კამპანია მაშინაც ბრიტანეთის ბაზრისთვის შეიქმნა და მასზე, ისევე როგორც წელს, სააგენტო Leo Burnett-მა იმუშავა.