სავარაუდო ვერსია, თუ როგორი შეიძლება გახდენს ვაკის პარკი, სოციალურ ქსელში ვრცელდება. მისი ავტორი ირაკლი ჟვანიაა, რომელიც აღნიშნული პროექტის მიმოხილვას აკეთებს.
„ეს არის ჩვენ მიერ მომზადებული ვიდეო: წინადადება, ვაკის პარკში არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის სამუშაოების ჩასატარებლად. ჩვენი ვარიანტით აღდგება კომპლექსის პირვანდელი ისტორიული სახე: შუა ნაწილში უქმდება საბავშვო შადრევანი, კასკადს ექნება მუშაობის ორი რეჟიმი, ერთი ისტორიულად კასკადური, მეორე რეჟიმში მთელ გაყოლებაზე აუზებში მოეწყობა დინამიური შადრევნები ღამის საათებში განათების ეფექტებით.
კასკადის ზედა მოედანზე, მიწის ქვეშ მოეწყობა “ქართული სამხედრო ისტორიის მუზეუმი” ინტერაქტიული ფორმით, სადაც მნახველი გაეცნობა ქვეყნის გამარჯვებების ისტორიის ქრონოლოგიას. მუზეუმიდან შემოსული თანხა მოხმარდება კასკადის მოვლა-პატრონობას, რაც საშუალებას მოგვცემს მან იმუშაოს მთელი წლის მანძილზე ზამთრის პერიოდის გარდა.
ამის დრო შეიძლება ახლა არ არის, იფიქრებს ბევრი, მაგრამ მერიის მიერ ტენდერი გამოცხადდა სულ ახლახანს, რომლის სრულყოფილებაზე აქ არ შევჩერდებით, ამის განხილვის დროც მოვა აუცილებლად. ამ ვიდეოს მიზანია საზოგადოებამ იცოდეს, რას სთავაზობს ესა თუ ის პრეტენდენტი მას. ყველანაირი კომენტარი მიიღება, გთხოვთ გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები“, – ამბობს ირაკლი ჟვანია.
შეგახსენებთ, თბილისის მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტს იწყებს. როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა, პროექტის განხორციელება წელს დაიწყება.
„ვაკის პარკი იცით, რომ არის ისტორიული ძეგლი, შესაბამისად, განსაკუთებული სიფრთხილით ვეკიდებით მის რეაბილიტაციას. ვაკის პარკის რეაბილიტაცია, რომელიც 2020 წელს განხორციელდება, დაიწყება ტერიტორიის რეაბილიტაციით, დაახლოებით 34 ჰექტარზეა საუბარი. ჩვენ არა მხოლოდ რებილიტაციას განვახორციელებთ, არამედ ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის მოვაწყობთ შესაბამის ბილიკებს, რომელიც ამ ორ სივრცეს ერთმანეთს დავაკავშირებთ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროექტის განხორციელებისას ჩვენ კომუნიკაციაში ვართ ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათი ინტერესების გათვალისწინებით ვახორციელებთ პროექტებს. ვფიქრობთ, რომ ძალიან ჯანსაღ სივრცეს მივიღებთ, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა პირობა”,- განაცხადა თვეების წინ მაია ბითაძემ .