ფოტოგრაფი დავით ოქროპილაშვილი [დანტესი] სოციალურ ქსელში გამომწერებსა და 16 წლის მარიამ კოხრეიძის გულშემატკივრებს თურქეთიდან მორიგ კადრებს უზიარებს.
როგორც დავით ოქროპილაშვილი წერს, აღნიშნული ვიდეო 24 მარტს, მაშინ არის გადაღებული, როდესაც მარიამმა, სახეზე გაკეთებული უმნიშვნელოვანესი ოპერაციის შემდეგ, პირველად გადაიკისკისა.
„მომენტი, როდესაც მარიამმა ოპერაციის შემდეგ პირველად გადაიკისკისა. 24 მარტის ვიდეო, ოპერაციიდან მეოთხე დღე“, – წერს დავით ოქროპილაშვილი ვიდეოს აღწერაში.
მომენტი როდესაც მარიამმა ოპერაციის შემდეგ პირველად გადაიკისკისა 🥰🥰🥰 24 მარტის ვიდეო ოპერაციიდან მეოთხე დღე ❤️❤️❤️
Posted by Dantesi Photography on ხუთშაბათი, 27 მარტი, 2025
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, საზოგადოებამ სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოებიდან სასიხარულო ამბავი შეიტყო – 16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც ყბის განვითარების სერიოზული პრობლემები ჰქონდა და საკვების მიღება უჭირდა, სტამბოლში, თურქმა ექიმმა, ალთან ვაროლმა ოპერაცია უსასყიდლოდ გაუკეთა – მარიამს ორი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, მას ყბა გაუხსნეს და პროთეზები გაუკეთეს.
მარიამი ფართო საზოგადოებამ თავდაპირველად ფოტოგრაფ დავით ოქროპილაშვილის [დანტესის] მიერ გავრცელებული ვიდეოებიდან გაიცნო. სწორედ დავით ოქროპილაშვილის დახმარებით და მის მიერ მოქალაქეების მობილიზების მეშვეობით გაემგზავრა მარიამი ოპერაციის გასაკეთებლად თურქეთში.