ვანში, დიხაშხოს ულამაზეს გეიზერზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყო. როგორც “ფორტუნას” ვანის ტურიზმის ცენტრში განუცხადეს, გასახდელი და მაგიდები ამ ტერიტორიაზე ადგილობრივმა ბიზნესმენმა მოაწყო.
“ადგილობრივმა ბიზნესმენმა ზაურ თათვიძემ, გეიზერზე ახალი ინფრასტრუქტურა მოაწყო. არც ვიცოდით, ისე მიიტანა ადგილზე გასახდელი და მაგიდები. დაგვირეკეს და შემდეგ მოვიკითხეთ და გავიგეთ ვინც გააკეთა”, – ამბობენ “ფორტუნასთან” ვანის ტურიზმის ცენტში.
დიხაშხოსთან მისასვლელ გზაზე უკვე განთავსდა ტურისტული აბრები და ნიშნებიც. ასე რომ, ტურისტს ამ საოცრების მიგნება უკვე მარტივად შეუძლია.
ტურისტებს შეუძლიათ გეიზერებთან ღამეც გაატარონ, კარვები კი იქვე იქირავონ.
ვანის ტურიზმის ცენტრში “ფორტუნასთან” ამბობენ, რომ ახლა ერთადერთი პრობლემა ადგილზე სისუფთავის შენარჩუნებაა. ისინი ტურისტებს მოუწოდებენ ნუ დააგვიანებენ გარემოს.
“ისეთ ნარჩენებს ტოვებენ წარმოუდგენელია, გაოგნებულები ვართ. გალამაზდა ადგილი, გაკეთდა ინფრასტრუქტურა და ახალა ნაგვით ნუ გავაფუჭებთ ყველაფერს,” – აცხადებენ ცენტრში.
დიხაშხო იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე მდებარეობს – ზღვის დონიდან 180 მეტრზე და ვანიდან 6 კმ-ში.
დიხაშხოს ჭალა მიდამოებში ამოედინება დიხაშხოს გოგირდოვანი აბანო, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ვიზუალით, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებებით და დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც შიდა ასევე უცხოელ ტურისტებში.
თემის ცენტრია ისრითი, ციხისუბანი, ლაბაჯოური.
გარდა ამ ულამაზესი ადგილისა, სოფელში მდებარეობს ვაშლარას მენელსაცხებლე დედათა სახელობის დედათა მონასტერი.