LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყველა ექიმი მეუბნებოდა, რომ ეს ბავშვი არ უნდა გამეჩინა… განწირული ვყვიროდი, სიკვდილი მიახლოვდება-მეთქი…“ – როგორ დაორსულდა ნუცა შამილაძე სიმსივნის მკურნალობისას და რატომ არ თქვა შვილის გაჩენაზე უარი

848
ნუცა შამილაძე

სოფო ჯაფარიძის პოდკასტში „მედგიდი“ მომღერალი ნუცა შამილაძე ჰყვება, როგორ დაორსულდა მაშინ, როდესაც სიმსივნეს მკურნალობდა. მანამდე კი თავად გადაცემის წამყვანი იხსენებს, როგორ გაიგო უახლოესი მეგობრის ორსულობის შესახებ… „ბევრი ექიმი ეუბნებოდა, რომ აბორტი გაეკეთებინა… მან თქვა, რომ რაც უნდა იყოს, ჩემს სიცოცხლეს დავდებ სასწორზე, ბავშვს რომც ჰქონდეს პრობლემები, მაინც გავაჩენო…“ – აღნიშნავს სოფო.

ნუცა შამილაძე:

„ჩემი ისტორია დაიწყო ერთი წლის წინ, გავიგე, რომ მქონდა მკერდის სიმსივნე. წავედი თურქეთში სამკურნალოდ. გავიკეთე ოპერაცია, დათესვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იყო ჰორმონდადებითი. პირველი, რაც ონკოლოგმა მკითხა, იყო, თუ ვფიქრობდი მესამე ბავშვის გაჩენას. 19 წლის ვიყავი, როცა პირველად დედა გავხდი, მაშინ მახსოვს, რომ მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა. როდესაც გავიცანი დათუნა და შევქმენით ოჯახი, პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს, როცა ადამიანი გიყვარს სიგიჟემდე და მისგან გინდა შვილი. ექიმს რომ ვუთხარი, მითხრა, რომ არ გასცემდნენ ამ რეკომენდაციას, მირჩიეს, გამეყინა კვერცხუჯრედი და მიმემართა სუროგატისთვის. ვიკეთებდი მსუბუქ სტიმულაციებს. გამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ორი კვერცხუჯრედი, მირჩიეს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის შენახვა. ემბრიონის გენეტიკური ტესტი რომ ჩაატარეს, გვირჩიეს, რომ არ გადაგვეტანა. ეს ჩემი გეგმები და სურვილები წყალში ჩამეყარა. შობის ღამეს დავწერე სურვილი, რომელიც ახდა… 19 იანვარს გავიგე, რომ ვიყავი ოთხი თვის ორსული, გეგმიურ შემოწმებაზე. საშინელება დამემართა, როცა მითხრეს, რომ ორსულად ვარ. ასეთი გაუბედურებული არასდროს ვყოფილვარ. ექიმმა იმდენად ინერვიულა, რომ მისმა რეაქციამ შოკში ჩამაგდო. როგორ უნდა მემშობიარა ხელოვნურად, ეს პროცესი აღმიწერა. განწირული ხმით ვყვიროდი, მიშველეთ, სიკვდილი მიახლოვდება-მეთქი, დედას და სოფოს დავურეკე…

მე ვიყავი ჰორმონალურ თერაპიაზე, გავიკეთე ძლიერი ნემსი, რომელსაც ხელოვნურ კლიმაქსში გადაჰყავხარ. ყველა ექიმის რეკომენდაცია იყო, რომ ორსულობა შემეწყვიტა. ბევრმა ძალიან მკაცრად მომთხოვა… ექიმები ვალდებულნი არიან, რომ გითხრან რისკების შესახებ, რაც შეიძლება მოხდეს შენი გადაწყვეტილების შემდეგ. რამდენიმე დღის შემდეგ, უფრო მეტად რომ დავწყნარდი, ყველა ექიმს ვესაუბრე. მოვისმინეთ, რისი ანომალიები შეიძლებოდა განვითარებულიყო. გადავწყვიტე, რომ ეს ბავშვი უნდა გამეჩინა. არავინ მინდა იფიქროს, რომ ექიმების წინააღმდეგ წავედი. ეს არის ჩემი პირადი ცხოვრება, მე უნდა ვატარო ეს ჯვარი, როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს. ჩემი ისტორია არ მინდა, ვიღაცისთვის რეკომენდაცია იყოს. მე ასე მჯერა და მწამს, რომ ეს ბავშვი მოვიდა იმისთვის, რომ გამოვჯანმრთელდე… ამაზე კარგი მკურნალობა არ გამივლია… მივხვდი, რომ ამ ბავშვის დაბადებით ჩემს სულს, გონებას, სხეულს უფრო მეტი სარგებელი ექნებოდა, ვიდრე ზიანი… მჯერა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება… იმისიც მჯერა, რომ სიმსივნე აღარ დაბრუნდება… და თუ დაბრუნდება, ამისთვისაც მზად ვარ, რომ ვიბრძოლო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g