კორონავირუსით დაინფიცირებული 83 წლის ქალი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ პაციენტად მიიჩნეოდა, დონორის სისხლის პლაზმის გადასხმის შემდეგ, გამოჯანმრთელდა.
83 წლის ეკატერინა ლამაზიანი კორონავირუსი 30 აპრილს ბოლნისის საავადმყოფოში დაუდგინდა. თავიდანვე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან თანმხლები ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა. 1 მაისს პაციენტი თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, გადაწყდა, რომ ის იქნებოდა საქართველოში პირველი პაციენტი, რომელზეც სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდს გამოიყენებდნენ.
პლაზმით გადასხმის მეთოდით საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული მეორე პაციენტიც მკურნალობს. ის ახალგაზრდა მამაკაცია.
„ფორტუნასთან“ საუბარში ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პლაზმით მკურნალობის დაწყების შემდეგ გაუმჯობესდა. ექიმებს დიდი იმედი აქვთ, რომ ისევე როგორც პირველ შემთხვვაში, მეორე შემთხვევაშიც დადებით შედეგს მიიღებენ და პაციენტი გამოჯანმრთელდება.