სამსახური, საოჯახო საქმეები და მუდმივი დროის დეფიციტი ბევრი დედისთვის ნაცნობი რეალობაა, რაც ხშირად იწვევს შფოთვას, რომ შვილებს ყურადღებას აკლებენ.
ფსიქოლოგმა ნატა მეფარიშვილმა პოდკასტში „ჯანსაღი დიალოგი“ განმარტა, რომ ეს შფოთვა სწორედ პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობაზე მეტყველებს და აღზრდის მთავარ პრინციპებს შეეხო:
„საკმარისად კარგი მშობელი არის ის მშობელი, რომელსაც აქვს მეტ-ნაკლებად კარგი ცოდნა აქვს განვითარების შესახებ, აქვს უნარი, მოუსმინოს და დააკვირდეს საკუთარ შვილს, მისცეს უპირობო სიყვარული ნებისმიერ შემთხვევაში.
როგორც არ უნდა მოიქცეს ის, რა შეცდომაც არ უნდა დაუშვას, ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ის უყვართ შეცდომითაც და შეცდომის გარეშეც. ფსიქიკური ჯანმრთელობის ფუნდამენტია, როდესაც ვიცი, რომ უსაფრთხოდ ვარ. და ეს უსაფრთხოება მშობლების ამ ქცევით განისაზღვრება ჯერ სახლში, შემდეგ ბაღშიც ესე უნდა იყოს, სკოლაშიც ესე უნდა იყოს, სანამ გავიზრდები. და რომ გავიზრდები და ზრდასრული ვიქნები, ასე თუ გამზარდეს, როცა ნაკლებ უსაფრთხო გარემო შემხვდება იქ, სავარაუდოდ, თავის დაცვას შევძლებ, ან გაცლას შევძლებ ამ გარემოსგან, ან სიტუაციის ისე დალაგებას, რომ მე საფრთხე არ შემექმნას.
საკმარისად კარგი მშობელია ის, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო მშობლობაზე, გააცნობიერა, რომ მშობელი უნდა იყოს, ზუსტად იცის, თუ რისი რესურსი აქვს, რომ შვილები ჯანსაღ მოქალაქეებად აქციოს და მუდმივად ცდილობს საკუთარი თავის დახვეწას იმ საშუალებებით, რაც არსებობს ან მის ქვეყანაში, ან, თუ წვდომა აქვს, სხვა ქვეყნებში სპეციალისტებთან და სხვა მშობლებთან”, – აღნიშნავს ნატა მეფარიშვილი და მშობელთა ფსიქილოგიურ ტრავმებსაც ეხება და ურჩევს მათ, კარგად იზრუნონ საკუთარ თავებზეც, რათა მშობლობისთვის საკმარისი ძალა და უნარი შესწევდეთ.
„ტრავმირებული უფროსი, სანამ თავის თავს არ უშველის, მანამდე ეს კარგი მშველელი და დამხმარე ვერ იქნება უმცროსისთვის.ხშირად, მშობლების კონსულტაციის დროს, ამაზე აქცენტებს ვაკეთებთ ხოლმე – როგორ უნდა იზრუნო საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე. ცუდად არ გამიგებს მსმენელი, ალბათ, და ცოტა ეგოისტური ნაწილი უნდა წამოწიო წინ, რომ: ჯერ მე ვარ კარგად და მერე ყველა დანარჩენი სხვა. ეს არის სწორედ საკმარისად კარგი მშობლობა, რომ ვარ გაწონასწორებული, ვარ კარგად იმისთვის, რომ ყველაფერი გამომივიდეს. არა მხოლოდ მშობლობა, ასევე პროფესიონალიზმი, პროფესია არ გამოდის, თუ არა ვარ კარგად. თუ ფსიქიკური ჯანმრთელობა მოშლილი მაქვს, რაც არ უნდა გონიერი და მაღალი IQ-ს მქონე ვიყო, არ გამომივა. ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის სფეროს ეს ნაწილი, რომელიც ძალიან მისახედია ჩვენს ქვეყანაში და იმედია, რომ რაღაცნაირად ამაზე სერიოზულად დავფიქრდებით,” – ამბობს ნატა მეფარიშვილი.
