LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის „სუხიშვილების“ სამოყვარულო ჯგუფის მოცეკვავე, რომლის ვიდეოებმაც სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია: „ამ წლების განმავლობაში ჩემი ჭარბი წონა ხშირად ყოფილა პრობლემა…“

2517
ვინ არის „სუხიშვილების“ სამოყვარულო ჯგუფის მოცეკვავე, რომლის ვიდეოებმაც სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია: „ამ წლების განმავლობაში ჩემი ჭარბი წონა ხშირად ყოფილა პრობლემა...“

ნათია კაკულია, „სუხიშვილების“ მოყვარულების ჯგუფიდან, ინტერნეტში პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, როგორ მოხდენილად ცეკვავს გოგონა. მან უამრავი კომპლიმენტი მიიღო ცეკვასთან დაკავშირებით. fortuna.ge ნათიას უფრო ახლოს გაგაცნობთ.

ნათია კაკულია:

ფინანსების ფაკულტეტი შავი ზღვის უნივერსიტეტში, ინგლისური სექტორი, წითელ დიპლომზე დავამთავრე, სკოლაც ოქროს მედალზე დავამთავრე. უკვე სამი წელია, ვმუშაობ ბუღალტრად, სასტუმროში.


ცეკვა როდის და სად დაიწყეთ?

5 წლიდან შემიყვანე ანსამბლ „მთიებში“, სადაც მომდევნო 13 წელიწადი ვცეკვავდი. ამ წლების განმავლობაში ჩემი ჭარბი წონა ხშირად ყოფილა პრობლემა, სცენას თავისი კულტურა აქვს და ამას ვერგებოდი სწრაფი დიეტების ხარჯზე. 13 წლის შემდეგ, კოვიდპანდემია დაიწყო, თითქმის ერთი წელი მომიწია ცეკვის შეწყვეტამ. ამ ერთი წლის განმავლობაში მივხვდი, რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ცეკვას ჩემს ცხოვრებაში. ძალიან გამოფიტულად ვგრძნობდი თავს. როგორც კი შეზღუდვები მოიხსნა, ცეკვას დავუბრუნდი…

„სუხიშვილების“ სამოყვარულო ჯგუფში როგორ მოხვდით?

დაახლოებით სამი წლის წინ მოვედი. დიდი ხანი მინდოდა ამ ჯგუფში მოხვედრა, თუმცა ვერ ვბედავდი სარეგისტრაციო ფორმის შევსებასაც კი. მეგონა, რომ „სუხიშვილებს“ სამოყვარულო ჯგუფებისთვისაც ჰქონდა სტანდარტები, რადგან საკუთარ თავს არ მივიჩნევდი ამ სტანდარტების შესაბამისად, ვერ ვბედავდი სარეგისტრაციო ფორმის შევსებას, თუმცა სამი წლის წინ გავბედე და ახლა ძალიან მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი…

სულ რაღაც რამდენიმე თვეში, ნელიკომ ჩემი პირველი ვიდეო დადო სოციალურ ქსელებში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, იყო დადებითი და უარყოფითი კომენტარები, თუმცა უარყოფით კომენტარებს ვერ მივცემდი ჩემი მოტივაციის დაგდების უფლებას. ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო, რომ „სუხიშვილების“ ცეკვების სწავლა მათგან შემეძლო.

პირადში თუ გწერდნენ მას შემდეგ, რაც თქვენი ვიდეოები გავრცელდა?

უამრავმა ადამიანმა მომწერა, რომ ჩემი ვიდეოები გახდა მათთვის მოტივაცია, რომ მოსულიყვნენ „სუხიშვილების“ სამოყვარულო ჯგუფებში და თავიანთი ოცნებები აესრულებინათ. დაუვიწყარი იყო შემაჯამებელი კონცერტი „სუხიშვილების“ დიდ დარბაზში. ბავშვობიდან ვიდეოების საშუალებით ვსწავლობდი „სუხიშვილების“ ცეკვებს, როცა თავად მომეცა მათი შესრულების საშუალება, მართლაც დაუვიწყარი იყო…

ახლა როგორია თქვენი დღის რეჟიმი და რამდენად ასწრებთ ცეკვაზე სიარულს, სამსახურის პარალელურად?

ახლა დღის პირველ ნახევარში ვარ სამსახურში, მეორე ნახევარში კი, ან „სუხიშვილების“ სამოყვარულო ჯგუფში, ან ბალეტის შემსწავლელ ჯგუფში. ბალეტზე სიარული ბოლო ნახევარი წელია დავიწყე, იმდენად დიდ სიამოვნებას ვიღებ, რომ ფიზიკურ დატვირთვას ყურადღებას აღარ ვაქცევ… ანსამბლ „მთიებში“ მივდივარ ხოლმე და ბავშვებს ვეხმარები, კულისებში, ფორმების მოწესრიგებასა და სხვა საქმეებში. მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ჩემი პროფესია და ვმუშაობ, მინდა, მქონდეს ჩემი საცეკვაო სტუდია, სადაც ბავშვებს ჩემს შეძენილ ცოდნას გავუზიარებ…

გარდა ცეკვისა, კიდევ რისი კეთება გიყვართ?

ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ანსამბლთან ერთადაც არაერთხელ ვყოფილვარ გასტროლზე… თუ დრო გამომიჩნდება, ვცდილობ, სადმე გავემგზავრო…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g