ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ახალი ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე წარადგინა.
ნათია თურნავას განცხადებით, თამარ არჩუაძეს ავიაციის სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და მრავალი წელია ამ დარგის კურატორად მუშაობს.
„მინდა, წარმოგიდგინოთ აეროპორტების გაერთიანების კომპანიის ახალი ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე – ძალიან გამოცდილი და ახალგაზრდა პროფესიონალი ქალბატონი, რომელიც დარგს კარგად იცნობს. ამ დრომდე თამარი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, დღეიდან კი ახალი ენერგიით შეუდგება „აეროპორტების გაერთიანების“ მართვას. ჩვენ ერთად და უფრო ეფექტურად მივხედავთ ჩვენი აეროპორტების ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, თამარ არჩუაძემ ამ პოსტზე გიორგი ჩოგოვაძე შეცვალა.