საზოგადოება მთავრობის განახლებული შემადგენლობის დასახელებას ელოდება. მთავრობის მომავალი წევრები და სამოქმედო პროგრამა პარლამენტს მამუკა ბახტაძემ უნდა წარუდგინოს, რომელსაც ამისთვის ერთკვირიანი ვადა აქვს. როგორც ცნობილია, მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერას ვერ მიიღებს.
„მარიონეტების ცვლას ხელისუფლებაში, არანაირი შედეგი არ მოაქვს, ეს უკვე ფაქტია, იმიტომ, რომ ღერძი პრობლემის ეს არის ასეთი მმართველობის სტილი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ამ ვითარებაში იქნება გენპროკურორის ადგილის გამოგლეჯვა ხელისუფლებიდან,“- აცხადებს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.
დეპუტატები ამბობენ, რომ ვინც არ უნდა მოხვდეს ახალ კაბინეტში, მთავრობა მხოლოდ ფორმალობა იქნება.
„ცხადია ვერ დავუჭერთ ვერანაირ მთავრობის კონფიგურაციას მხარს, რომელიც არის ივანიშვილის რჩეული. იმიტომ, რომ ვთვლით, რომ სწორედ ამ ადამიანიდან მომდინარეობს ის უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს. შესაბამისად მან რა პაკიც არ უნდა გამოცვალოს, გაწირავს თუ არ გაწირავს თეა წულუკიანს, ეს უკვე მეორე ხარისხოვანია, რადგან ვინც არ უნდა მოვიდეს მათ ადგილას იქნება ივანიშვილის პაიკი“-განაცხადა ენმ-ს წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.
სამთავრობო ცვლილებების პარალელურად კი არასაპარლამენტო ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.
„რაც დრო გადის ბიძინა ივანიშვილს თავდაცვითი ზღუდეები ეცლება. ის ცდილობს თავი გადაირჩინოს და მთელი ეს პროცესი, რაც დღეს ხდება და რისი მომსწრეც არის ქართული საზოგადოება, ფაქტობრივად არის მისი პირადი გადარჩენისთვის ბრძოლა,“-აცხადებს ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ვარაუდობენ, რომ კვირიკაშვილის შემდეგ შემადგენლობას მისი გუნდის წევრი მინისტრებიც დატოვებენ.
„ერთ ნაწილი მარიონეტების წავიდნენ, მეორე ნაწილი მოდიან. ეს არის არაფორმალური მმართველის ივანიშვილის გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე რამე სიახლეს არც უნდა ველოდეთ. გარკვეულ წილად ცინიზმიც არის, როდესაც არანაირი პოლიტიკური წარსული და ბიოგრაფია არ აქვს ადამიანს და ის უკვე პრემიერ-მინისტრად გვევლინება,“-განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ.