ნინო ქათამაძე თავისი მოსწავლის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ნინო ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და ანრი კაკაბაძის შესრულებას გვიზიარებს.
„ვინც დღეს „ჩუმად“ ხართ,
თქვენ გგონიათ თქვენი „სიჩუმე“ გადაგარჩენთ?
სასიკვდილოდ გამეტებული, ნაცემი ადამიანების სისხლის ხმა არ მოგასვენებთ,
ცემის ხმა არ მოგასვენებთ, ტკივილის ხმა არ მოგასვენებთ, უსამართლობის ხმა არ მოგასვენებთ!!!
მართალი ბრძოლის ხმა არ მოგასვენებთ,
რადგან თქვენი იმედი გვქონდა და გაგვყიდეთ!!!
ყველა თქვენგანის მოღალატეობრივ „სიჩუმეზე“ დიდია ანრის ეს შესრულება!
ჩვენ, სიყვარული, თანაგრძნობა, ერთგულება გადაგვარჩენს!!
თავისუფლება ანრის!
თავისუფლება საქართველოს მომავლისთვის მებრძოლ ყველა პატიმარს!“ -წერს ნინო ქათამაძე.
ცნობისთვის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს და ოთხ სტუდენტს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარის ადვოკატი დავით ჯაფარიძე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახის 1000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას სთავაზობდა.
თავის მხრივ, პროკურორი პაატა ცეცხლაძე დაკავებულთა მიმართ პატიმრობას ითხოვდა. პროკურორის თქმით, არსებობს დანაშაულის ხელახლა გამეორების და მტკიცებულების განადგურების საფრთხე.
ანრი კაკაბაძის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ნინო ჟვანია და წერს:
„მოგეხსენებათ, რომ რომ დღეს ბათუმში დაპატიმრებულ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და ოთხ სტუდენტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ახლა აღმოვაჩინეთ, რომ ერთ-ერთი სტუდენტი ჩვენი (თბილისის კონსერვატორიის) პირველკურსელი, საფორტეპიანო მიმართულების სტუდენტი, პროფესორ ნინო ქათამაძის მოსწავლე ანრი კაკაბაძეა!
ანრი უნიჭიერესი პიანისტია, არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული! მე ვიჯექი მისაღები გამოცდის კომისიაში, როდესაც კომისიის ხუთივე წევრმა მას უმაღლესი ქულა დავუწერეთ! ახლა კი ანრი 2 თვით ციხეში უნდა დარჩეს!
ჩემთვის მიუღებელია ხუთივეს წინასწარი პატიმრობა, მაგრამ ახლა ამ მოვლენამ ძალიან პირადი ხასიათი მიიღო!
მოვითხოვ, სასწრაფოდ გათავისუფლდეს ხუთივე დაკავებული! ის ხომ მაინც იყო შესაძლებელი, რომ მათ გირაო შეფარდებოდათ?!
სადამდე მოვედით?! მეტი რა დავწერო, არ ვიცი!
P.S. ფერენც ლისტი – Totentanz (“სიკვდილის როკვა”). ასრულებს ანრი კაკაბაძე…
ლისტის ამ ნაწარმოებს საფუძვლად უდევს უძველესი გრიგორისეული ქორალი Dies irae – განკითხვის დღე…
რა სიმბოლურია!“ – წერს ნინო ჟვანია.