LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“ სცენაზე ბრუნდება

1168

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 167-ე სეზონზე თავის საყვარელ მაყურებელს პრემიერით შეხვდება. ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“ კვლავ დაუბრუნდება სცენას.

„ქეთო და კოტეს“ დამდგმელი დირიჟორია რევაზ ტაკიძე, რეჟისორი – იოანე (ვანო) ხუციშვილი, მხატვარი – გიორგი ალექსი-მესხიშვილი, ქორეოგრაფი – ილიკო სუხიშვილი. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, სტაჟიორები, გუნდი, ორკესტრი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.

„ქეთო და კოტეს“ საპრემიერო ჩვენებები გაიმართება 27, 28, 31 ოქტომბერს და 3, 4, 7 ნოემბერს.

ვიქტორ დოლიძე ქართული მუსიკის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქართული კომიკური ოპერის ავტორი. 27 წლის ასაკში შექმნილმა სამმოქმედებიანმა ოპერამ „ქეთო და კოტე“ ვიქტორ დოლიძეს იმთავითვე მოუხვეჭა დიდი სახელი. ოპერის პრემიერა 1919 წლის 11 დეკემბერს უდიდესი წარმატებით შედგა. ოპერის რეჟისურა ეკუთვნოდა ალექსანდრე წუწუნავას, დირიჟორი კი გახლდათ სამუელ სტოლერმანი. ლიბრეტო პიესის საფუძველზე თავად კომპოზიტორმა შექმნა. ლიბრეტოს რედაქტირება ეკუთვნის ცნობილ ქართველ პოეტ იოსებ გრიშაშვილს, რომელმაც დაწერა ასევე სიკოს და საქოს კუპლეტები. სტილური თვალსაზრისით ოპერა დაკავშირებულია თბილისის ქალაქურ ფოლკლორთან და იტალიური საოპერო სკოლის ტრადიციებთან, რაც ეფექტურ მუსიკალურ სახეებსა და მელოდიებში ვლინდება.

ოპერა “ქეთო და კოტე” შეიქმნა ცნობილი კომედიოგრაფის, დრამატურგ ავქსენტი ცაგარელის პიესის “ხანუმას“ მიხედვით. 1926 წელს ალექსანდრე წუწუნავამ პიესის საფუძველზე გადაიღო მხატვრული ფილმი “ხანუმა”. 1948 წელს კი ვახტანგ ტაბლიაშვილმა და შალვა გედევანიშვილმა შექმნეს მუსიკალური მხატვრული ფილმი “ქეთო და კოტე” (ა. ცაგარელის კომედია „ხანუმას“ და ვ. დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეს“ მიხედვით).

ვიქტორ დოლიძის ოპერას გამორჩეული სცენური ისტორია აქვს. სხვადასხვა წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „ქეთო და კოტეს“ რამდენიმე დადგმა განხორციელდა. პირველი სერიოზული წარმატება საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერას “ქეთო და კოტე” 1937 წელს ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე  ხვდა წილად მოსკოვსა და ლენინგრადში. სხვადასხვა დროს “ქეთო და კოტე” საბჭოთა კავშირის 20 საოპერო თეატრის სცენაზე დაიდგა, ოპერის დადგმები განხორციელდა პოლონეთში (ორჯერ), ჩეხეთში, უნგრეთში, ბულგარეთში. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“ ბოლოს 2009 წელს გიგა ლორთქიფანიძის რეჟისურით დაიდგა.

magti 5g