ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი საზოგადოებას საქმიანი წინადადებით მიმართავს. „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ეძებს მიწის მფლობელებს, ვისთან ერთადაც ფერმას ააშენებს.
როგორც პაპაშვილი ამბობს, ის თხის და ცხვრის ფერმის პროექტს ამ დრომდე ვერ იწყებს. მიზეზი სწორედ ფერმისთვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა, რომლის მოძიება/შესყიდვასაც ბიზნესმენი ამ დრომდე ვერ ახერხებს. საუბარია, 300-500 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს.
„ძალიან მინდა დავიწყო ეს პროექტი, მაგრამ ბევრი ნიუანსია, მხარდაჭერა უნდა სახელმწმიფოს მხრიდან, სოფლის მეურნეობის პოლიტიკაა საჭირო. მიწას ვერ ვშოულობ, ამის გარეშე პრობლემაა. სახელმწიფომ რომ გამომიყოს, მაშინვე გავაკეთებ. მიწა, პრაქტიკულად, არც კერძო საკუთრებაში არ არის, ან თუ არის, ღირებულება ფანტასტიკას უკავშირდება. თვითონ არ ამუშავებენ და არც ყიდიან. ასე საქმე ვერ გაკეთდება. თუ ვინმე გამოჩნდება, ვისაც აქვს ასეთი მიწა, დამიკავშირდეს და გავაკეთებთ ერთად. მისი იქნება მიწა, დანარჩენი – ჩემი”, – ამბობს ბიზნესმენი „ბიზნესპარტნიორთან” საუბრისას.
ცნობისთვის, გუდის ყველზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა თხის და ცხვრის ფერმის მშენებლობა 2020 წლის ივლისში დაანონსა.