“ჩართულობის და განვითარების ცენტრისა” და “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინფორმაციით, უფლაბადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან. ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ შორის ერთ-ერთს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას (დამამძიმებელი გარემოებების გარეშე), ხოლო მეორე დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს, ამავე კოდექსის, 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
“ჩართულობის და განვითარების ცენტრის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ვიტალი საფაროვთან კონფლიქტისა და მკვლელობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლებელია იყოს ის, რომ საფაროვი ბარში სტუმრებს არ ესაუბრებოდა სახელმწიფო ენაზე.
“როგორც კონფლიქტის თვითმხილველი პირები აცხადებენ, კონფლიქტის დროს საუბარი ეხებოდა სამშობლოსა და ქართველობას. ამის გათვალისწინებით, ვიტალი საფაროვის წინააღმდეგ ძალადობა, სავარაუდოდ, განხორციელდა ქსენოფობიურ ნიადაგზე, რაც გულისხმობს უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშს ან/და სიძულვილს,”- აღნიშნულია განცხადებაში.
ჩართულობის და განვითარების ცენტრი და ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევენ, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს.
“საქმის გარემოებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-მუხლით ჩადენილი დანაშაული. კერძოდ, ვიტალი საფაროვის მკვლელობა არის ჩადენილი ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.
ჩართულობის და განვითარების ცენტრი და ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებენ საქართველოს მთავარ პროკურატურას, ყურადღება გაამახვილოს და უზრუნველყოს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება აწარმოოს შესაბამისი კვალიფიკაციით.
მნიშვნელოვანია, გამოძიებამ დაადგინოს, თუ რა იყო მკვლელობის ჩადენის მოტივი, იკვეთება თუ არა სიძულვილის მოტივი. აღნიშნულის დადგენა ხელს შეუწყობს სრულყოფილი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას,”- აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ დროისთვის გამოძიების მიმდინარეობისას არსებობს რიგი გარემოებები, რაც იწვევს შეშფოთებას. კერძოდ, მათი ინფორმაციით, მკვლელობის მოწმეებთან გასაუბრების შედეგად ირკვევა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ არა ერთხელ შეატყობინეს საინფორმაციო ცენტრ 112-სა და კრიმინალურ პოლიციას, დაკავებული ბრალდებულების მიერ ჩადენილ მსგავს ძალადობის შემთხვევებზე, მაგრამ შეტყობინებებზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.
“შემაშფოთებელია, რომ ბრალდებულების მიერ სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი აქტები აქამდე რეაგირების გარეშე რჩებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქსენოფობიური, ფაშისტური ჯგუფების აქტიურობა და სიძულვილის გაღვივება დღეისათვის ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს,”- აღნიშნულია განცხადებაში.
25 წლის ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს მოკლეს. საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობის და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. იგი, მრავალი წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
ვიტალი საფაროვის ოჯახის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.