გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ჩვენ ყველას ახალი არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გვჭირდება, რათა ნდობა აღადგინონ“.
მიხაელ როთი საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მიესალმება.
„ვითარება უკიდურესად მძიმე რჩება, მაგრამ ნება მომეცით ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს არ არის შიდა დავა მმართველ პარტიას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის, არამედ ეს არის სერიოზული კონფლიქტი ავტოკრატიასა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთგული ევროპელები საფრანგეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, ვალდებულები ვართ ხმა ავიმაღლოთ, როცა დემოკრატია და თავისუფლება ზეწოლის ქვეშ არის. ასე რომ, მმართველი პარტიისთვის ჩემი გზავნილი მკაფიოა, ამ სიტუაციის დაძლევის ერთადერთი შანსი, გაყალბებული არჩევნებისა და კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ახალი არჩევნებია. ჩვენ ყველას ახალი არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გვჭირდება, რათა ნდობა აღვადგინოთ.
ინდივიდუალურ სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილ დარღვევებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან არჩევნების გაყალბებასა და კონსტიტუციის დარღვევაზე, ნამდვილად ვაფასებ. ევროკავშირში ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს მოვუწოდებ, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგომა გააგრძელონ. ოპოზიციასთან საუბრის შემდეგ მადლობელი ვარ, რომ ყველა ოპოზიციური პარტია გაერთიანებულია ახალი არჩევნების, თავისუფალი არჩევნების, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნის გამოხატვისას, რათა ევროპის გულში ამ შესანიშნავი ქვეყნის მომავლის შესახებ ხალხს სიტყვის თქმის უფლება ჰქონდეს“, – აღნიშნა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.