„ყველანაირი არჩევნები გამიგია, მაგრამ არა ტელეფონებით. როგორც ჩანს, ბატონ პაატას [ბურჭულაძე] ფონდი „იავნანას“ გამოცდილება აქვს და შესაძლოა, ზარიც ფასიანი გახადონ, თუმცა რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს არანაირი სამართლებრივი მნიშვნელობა არ და ვერ ექნება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას უმრავლესობის დეპუტატმა განმარტა, ოპოზიცია არჩევნებისთვის ემზადება და ამას ზოგიერთი მათგანი ადასტურებს.
„დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ისინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია ცალკე მიიღებს მონაწილეობას თუ ერთიანად, ჩვენ კიდევ ერთხელ მზად ვართ ვთხოვოთ მხარდაჭერა მოქალაქეებს და გავიმარჯვოთ ქართველ ხალხთან ერთად“, – განაცხადა ბოჟაძემ.
ვლადიმერ ბოჟაძემ შეაფასა პაატა ბურჭულაძის განცხადება, რომელიც არჩევნების ტელეფონებით ჩატარების შესაძლებლობას შეეხებოდა:
„ყველანაირი არჩევნები გამიგია, მაგრამ არა ტელეფონებით. როგორც ჩანს ბატონ პაატას [ბურჭულაძე] ფონდი “იავნანას” გამოცდილება აქვს და შესაძლოა, ზარიც ფასიანი გახადონ, თუმცა რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს არანაირი სამართლებრივი მნიშვნელობა არ და ვერ ექნება. ტექნიკურადაც წარმოუდგენელია როგორ უნდა მოხდეს ამომრჩევლის იდენტიფიცირება, ხმების შეჯამება და ა.შ. ამიტომ ყველას ვურჩევ, მოემზადონ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის.
ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნები ყველაზე ბოლო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩავატარეთ და ამავე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება 4 ოქტომბრის არჩევნებიც. რაც შეეხება მცდელობას, რომ არჩევნები ან არ ჩატარდეს და ან კენჭისყრის დღეს ხელი შეუშალონ, ეს კანონმდებლობით აკრძალულია, სისხლის სამართლებრივი დანაშაულია და თუ ვინმე 4-ში საბოტაჟს, უბნის არ გახსნას ან არჩევნებში ხელის შეშლას შეეცდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს”, – განაცხადა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, არჩევნების ტელეფონით ჩატარების შესაძლებლობაზე პაატა ბურჭულაძემ ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. ბურჭულაძის თქმით, გამოჩნდა რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ ჩატარდეს არჩევნები.
„ვიღაცას შეიძლება გაეცინოს არჩევნების ტელეფონით ჩატარებაზე, ამის კარგი პრაქტიკა იყო ესტონეთში და ჩვენ მის გადმოღებას ვაპირებთ. ტელეფონი არ გაჟონავს, როგორც „ქართული ოცნების” ქაღალდები“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.