ინტენსიურ რეჟიმში სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ჩართული ვართ იმაში, რომ უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას – ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდის ცალმხრივად ჩაკეტვას.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ახლა მთავარ პრიორიტეტს იმ ადამიანების ინტერესებზე ზრუნვა წარმოადგენს, რომელიც ყველაზე მეტად ზარალდება უკანონო შეზღუდვით.
„ძალიან ინტენსიურ რეჟიმში სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ჩართული ვართ იმაში, რომ უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას, რომ მოსახლეობა მძიმედ არ დაზარალდეს. ჩვენ უკვე გუშინდელი დღიდან გვაქვს კომუნიკაცია ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხით, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მეშვეობით.
ამ საკითხთან დაკავშირებით მე ვიცი, რომ მძიმე გამოწვევა და წუხილი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს, უკავშირდება ახლგაზრდების გადაადგილებას, მათ მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში.
ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა - ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ გადმოდიან
უცნობია, როდის აპირებს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის გახსნას.
ჩვენ ახლა განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ იმ სქემაზე, რომ არ ჰქონდეთ შეფერხება გალელ სტუდენტებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებლებში წვდომაზე და მინდა დავაიმედო მოსახლეობა და დავარწმუნო იმაში, რომ ნამდვილად ჩვენი ყველა ნაბიჯი ახლაც და შემდგომ, იქნება განსაზღვურული მათი ინტერესების მიხედვით და მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ მათ კიდევ ერთხელ.
პოლიტიკურ შეფასებებს გავაკეთებთ ცოტა მოგვიანებით. ახლა ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს და ვცადოთ ყველაფერი, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში გაუქმდეს უკანონო შეზღუდვა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა, რომლის კომენტარსაც სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.