ბათუმში მდებარე სასტუმრო „ველმონდი“, იგივე “ლეოგრანდი” ხვალ საღამოს დაიხურება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ცოტა ხის წინ განმარტეს, რომ დღეს, 16 აგვისტოს და ხვალ სტუმრები უნდა გამოიყვანონ და სხვა შენობაში გადაიყვანონ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ სასტუმროში ერთ-ერთ მთავარი პრობლემა კვამლსაწინააღმდეგო სისტემის არ არსებობაა და სწორედ ამ სისტემის არასწორი მუშაობისა და გაუმართაობის გამო, დეკემბრის თვეში, 11 ადამიანი დაიღუპა.
მისი თქმით, “ველმონდში” მყოფ დამსვენებლებს სხვადასხვა სასტუმროებში გადაანაწილებენ.
“აქ ყველაზე კრიტიკული, ამ რეკომენდაციებიდან არის კვამლის გამწოვ სისტემა. რომლის არასწორი მუშაობის და გაუმართაობის გამო, დაიღუპა 11 ადამიანი დეკემბრის თვეში. სწორედ, ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ ეს სისტემა გაკეთდეს. სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია და სასამართლოს გადაწყვეტილება და კანონი უნდა აღსრულდეს. ჩვენ ეს მუშაობა უკვე დავიწყეთ, არ იფიქროთ, რომ ხვალ მივდივართ და უნდა დავლუქოთ. საუბარია იმაზე, რომ ახლა უკვე მიდის სასტუმროს ადმინისტრაციის ჩართულობით, აჭარის მთავრობის ჩართულობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ჩართულობით, ეს არის ოთხმხრივი სამუშაო პროცესი და მუშაობა იმაზე, რომ ეს ადამიანები უმტკივნეულოდ, ნაწილი დღეს, ნაწილი ხვალ, სხვა სასტუმროებში იქნეს გადაყვანილი,“ – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
სასტუმრო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნის მიუხედავად მუშაობას განაგრძობს. სასტუმროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის მენეჯმენტი 300-ზე მეტ დამსვენებელს ემსახურება.