Volkswagen-მა მძღოლებისთვის უჩვეულო ტექნოლოგია დააპატენტა – სპეციალური ტაქტილური „ანტისტრეს“ ელემენტი, რომელიც პირდაპირ საჭის რგოლში იქნება ჩაშენებული. მისი მიზანია, მძღოლს მოძრაობის დროს დაძაბულობის შემცირებაში დაეხმაროს.
პატენტის მიხედვით, საჭეზე განთავსებული პატარა მოდული მძღოლის თითებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას იქნება. მას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა: რბილი ტექსტურირებული ზედაპირი, პატარა მოძრავი ბურთულები ან მექანიკური ღილაკი, რომელიც დაჭერისას მსუბუქ „კლიკს“ გამოსცემს.
იდეა ისაა, რომ მძღოლმა სტრესულ სიტუაციებში – მაგალითად, საცობში ან ხანგრძლივი მგზავრობისას, ხელით განმეორებითი მოძრაობის საშუალებით შეძლოს დამშვიდება, ისე რომ ყურადღება გზიდან არ გადაიტანოს.

Volkswagen-ის ინჟინრები ვარაუდობენ, რომ ასეთი ფიზიკური უკუკავშირი შეიძლება სასარგებლო იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საჭესთან ნერვიულობენ. თუმცა, როგორც ნებისმიერი პატენტის შემთხვევაში, მისი არსებობა ჯერ არ ნიშნავს, რომ ტექნოლოგია აუცილებლად გამოჩნდება სერიულ ავტომობილებში.

ბოლო წლებში ავტომწარმოებლები სულ უფრო ხშირად ავითარებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც არა მხოლოდ უსაფრთხოებას, არამედ მძღოლის ემოციურ მდგომარეობასაც ეხება – მაგალითად, Volkswagen-ი უკვე იყენებს მძღოლის ყურადღების კონტროლისა და უსაფრთხოების დამხმარე სისტემებს თავის IQ.DRIVE პლატფორმაში.