მუსიკოსმა ბექა გოჩიაშვილმა “აუდის საერთაშორისო ფესტივალზე” სცენიდან აუდიტორიას სიტყვით მიმართა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.
„ვუგზავნით ჩვენს გულებს უკრაინელ ხალხს, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა მუსიკოსმა.
გერმანიის ქალაქ ინგოლშტადში მიმდინარე “აუდის საერთაშორისო ფესტივალის” სტუმრები ქართველმა მუსიკოსებმა კიდევ ერთხელ გააოცეს. ბექა გოჩიაშვილის კონცერტი ლევან დეისაძესა და ზაზა ცერცვაძესთან ერთად გუშინ აუდის ცენტრში საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე გაიმართა.
კონცერტის დასასრულს აპლოდისმენტები და მაყურებელთა შეძახილები დიდი ხნის მანძილზე არ წყდებოდა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინეს, ლიზა ბათიაშვილისა და საორგანიზაციო ჯგუფის ინიციატივით ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა უკრაინელი ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის პროექტს მოხმარდება.