წალენჯიხასა და რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარეები კვლავ არ აურჩევიათ. წალენჯიხაში საკრებულომ შეკრება რამდენჯერმე სცადა, მათ შორის, დღესაც. თუმცა, სხდომა კვლავ გადაიდო, ხოლო რუსთავის საკრებულოს წევრები მმართველი პარტიიდან მუშაობას ბოიკოტის რეჟიმში აგრძელებენ, რის გამოც სხდომის ჩანიშვნა ვერ ხერხდება.
საბოლოო ჯამში, წალენჯიხაში მომდევნო სხდომა 20 იანვრისთვის გადაიდო.
რაც შეეხება რუსთავს, საკრებულოში, სადაც თავმჯდომარე ასევე არ აურჩევიათ, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, იყო შეხლა-შემოხლაც.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, „ქართული ოცნების“ დეპუტატები პროცესს განგებ აჭიანურებენ: იმისთვის, რომ საკრებულოებში მათთვის სასურველი მოდელი დაამტკიცონ.
ცნობისთვის, ოპოზიციის დეპუტატებს, თუ მათ გახარიას პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან, აქვთ საშუალება, კვორუმი შეკრიბონ და თავმჯდომარეც აირჩიონ. თუმცა, ჯერჯერობით, ვერც ერთი სხდომა ვერ ჩატარდა.