დღეს თენგიზ ცერცვაძის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„დღეს თენგიზ ცერცვაძის დაბადების დღეა…
მისი ჯადოსნური კაბინეტის ნაცვლად, დიდ ექიმს, მეცნიერს და საქართველოს სამედიცინო საზოგადოების ღირსეულ წარმომადგენელს კოლეგებმა, მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა და მადლიერმა პაციენტებმა 77 წლის თარიღი საფლავზე მიულოცეს…. გაიხსენეს ბატონი თენგიზის ღვაწლი, სიკეთე და ის საქმეები, რამაც საქართველოს და ქართულ მედიცინას მსოფლიოში გაუთქვა სახელი.
სევდიანი და ტკვილიანი იყო ეს შეხვედრა, რადგან თენგიზ ცერცვაძის სანუკვარ ოცნებას – ინფექციურ საავადმყოფოს საკუთარი ჭერი ჰქონოდა, მის გარეშე შეესხა ფრთები…
დღეს ჩვენი კლინიკა თენგიზ ცერცვაძის სახელს ატარებს და მარადისობაში გარდასული ხარობს, რომ ღირსეულად ვაგრძელებთ მის გზას, ვცდილობთ შევინარჩუნოთ ის მაღალი სამედიცინო სტანდარტები, რაც ბატონი თენგიზის ყოველდღიურ საზრუნავს წარმოადგენდა…
თენგიზ ცერცვაძე იყო სულით და მოწოდებით ექიმი; ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის პროფესორი.
თენგიზ ცერცვაძე იყო საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი. პირველმა საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჯერ კიდევ 1984 წელს დაიწყო შიდსის პრობლემაზე მუშაობა. მისივე ძალისხმევით ქვეყანაში შეიქმნა შიდსთან ბრძოლის თანამედროვე ტიპის სამსახური, რომლის ძალისხმევითაც ქვეყანამ შესძლო თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და სერიოზული ეკონომიკური ზარალით.
უდიდესია თენგიზ ცერცვაძის დამსახურება ქართული ჰეპატოლოგიური სკოლის განვითარებაში, პირველ რიგში ვირუსული ჰეპატიტების დარგში. ის იყო მსოფლიოში უპრეცედენტო და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებელი. უაღრესად მნიშვნელოვანია მისი წვლილი B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის დანერგვის, აგრეთვე COVID-19-ის კლინიკური მართვის საქმეში.
თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოპოვებული იყო 20-ზე მეტი საერთაშორისო გრანტი და განხორციელებულია ამდენივე ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო პროექტი აივ/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციური დაავადებების დარგში. შრომების ნაწილი შესრულებულია წამყვან ამერიკელ მეცნიერებთან და ცენტრებთან ერთად. მთელი რიგი სამეცნიერო ფაქტები პირველადაა მოპოვებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და/ან საქართველოში, ხოლო ზოგიერთი კვლევა ინოვაციურია საერთაშორისო მასშტაბით.
2009 წელს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და პიონერული კვლევებისთვის მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო – Dr. Lee Jong-Wook-ის პრემია.
თენგიზ ცერცვაძე იყო ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის და მრავალი საერთაშორისო საზოგადოების/ასოციაციის წევრი, საქართველოს შიდსის ასოციაციის პრეზიდენტი.
თენგიზ ცერცვაძე იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სისტემატურად მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესებისა და კონფერენციების მუშაობაში, მათ შორის მოწვეული სპიკერის რანგში.
თენგიზ ცერცვაძე დაჯილდოვებულიუ იყო საქართველოს ღირსების ორდენით; აშშ სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF) ჯილდოთი; ევროპის ბიზნეს ასამბლეის „დედოფალ ვიქტორიას მედლით“. იყო ქ. თბილისის საპატიო მოქალაქე. 2011 წელს საქართველოში მედიცინის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის მიენიჭა ეროვნული პრემია.
თენგიზ ცერცვაძე წლების განმავლობაში ეწეოდა უაღრესად ნაყოფიერ საექიმო, სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ინფექციურ დაავადებათა დარგში. მას დიდი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში.
თენგიზ ცერცვაძე გამოირჩეოდა არაორდინალური ნიჭიერებით, ლიდერის თვისებებით, კეთილსინდისიერებით, უანგარობით, საქმისადმი და ადამიანებისადმი უდიდესი ერთგულებითა და სიყვარულით, მაღალი ერუდიციით. ის იყო ნამდვილი ქალაქელი ინტელიგენტი, შესანიშნავი მეგობარი, მეუღლე.
თენგიზ ცერცვაძე წავიდა ვალმოხდილი ქვეყნის წინაშე. დაე, მსუბუქი იყოს მისთვის მშობლიური მიწა!“, – წერს ცენტრი.