საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია.
რა ვითარებაა საარჩევნო უბნებზე, როგორ გარემოში მიმდინარეობს კენჭისყრა და რა სახის დარღვევები გამოვლინდა ამა თუ იმ უბანზე, „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ორგანიზაციის მისია განლაგებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით და დაახლოებით 600 დამკვირვებელი აკვირდება მიმდინარე პროცესებს.
ნატროშვილის განცხადებით, ამ დროისთვის, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები, მთლიანობაში, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. გარკვეულ უბნებზე კი გამოვლინდა მცირე დარღვევებიც, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტიც.
„აბსოლურტური უმრავლესობის შემთხვევაში უბნები გაიხსნა დროულად. ერთი რამ შეიძლება ვთქვათ, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, მაგალითად 2018 წელთან შედარებით, ცოტა უფრო მეტი დარღვევა ფიქსირდება.
ამ ეტაპზე, ჩვენმა დამკვირვებლებია 120-130 მეტ-ნაკლებად სერიოზული დარღვევა დააფიქსირეს. დაწერილი გვაქვს 15 საჩივარი. რაც შეეხება კონკრეტულად დარღვევებს, ძირიტადად იყო სხვადასხვა ტიპის დარღვევები. იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები გამოსვლის შემდეგ აჩვენებდენ კონკრეტულ ადამიანებს ბიულეტენს,თუ ვინ შემოხაზეს. ეს რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა, გორში, ახალციხეში. ერთ-ერთი უბანი იყო, სადაც თვითონ კომისიის წევრი, რომელიც ზედამხედველობს საარჩევნო ყუთს ანუ ის სთხოვდა, რომ გაეხსნათ ეს ბიულეტენები, ვიდეოკადრებიც გავავრცელეთ ჩვენ, ეს იყო კენჭისყრის ფარულობის დარღვევაის შემთხვევები“.
როგორც ნატროშვლმა განაცხადა, ბევრ უბანზე ვერ ჩატარდა, ან ფორმალურად ჩატარდა წილისყრა, რომელიც გულისხმობს იმას, თუ კომისიის რომელმა წევრმა რომელი ფუნქცია უნდა შეასრულოს დღის განმავლობაში.
ორგანიზაციის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ამომრჩევლებისთვის ფოტოების გადაღების ფაქტზე, რომელიც დღეს დაფიქსირდა:
„მედიაორგანიზაცია ნიუპოსტის წარმომადგენლები უღებენ ფოტოებს ამომრჩეველს, ვინც მიდის უბანზე და სპეციალური პროგრამის მეშვეობით აგზავნიან მას. როგორც ჩვენ გვითხრეს, ეს ხდება იმისთვის, რომ მათ თავიდან აიცილონ კარუსელის შემთხვევები, რათა სხვა უბანზეც არ მივიდეს ეს ამომრჩეველი, თუმცა, არ ვფიქრობთ, რომ ეს არის კარგი პრაქტიკა, იმ მხრივ, რომ ყველა ამომრჩევლზე ფოტოს გადაღება ხდება, ამომრჩეველი კი მაინცდამაინც კომფორტულ სიტუაციაში არ უნდა გრძნობდეს ამ შემთხვევაში თავს“.
ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც უბანზე არაუფლებამოსილი პირები მივიდნენ, იყვნენ აგრესიულები და გამოირჩეოდნენ უდისციპლინო საქციელით. იყო რამდენიმე შემთხევვა, რდესაც ორგანიზაციის დამკვირვებლის გამოძევება სცადეს, ერთ-ერთი კი გამოაძევეს.
ნატროშვილმა „ფორტუნასთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა კოვიდუსაფრთხოების ნორმების დაცვა, რომლის შესრულებაც ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება საარჩევნო უბანზე:
„დამცავი ფარები, რომლებიც კომისიის წევრებისთვის არის განკუთვნილი, ბევრს არ უკეთია. ასევე დისტანციის დაცვა არის საკმაოდ დიდი პრობლემა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პირბადეები არ უკეთიათ ნორმის ფარგლებში. ჭირს დისტანციის დაცვა როგორც უბნის გარეთ, ისე უბნის შიგნით. ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ დიდი რიგებია“.