ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, 8-ვე ოლქში, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
უფრო კონკრეტულად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზურაბ შინდელაშვილმა 72,4%-ით მოიპოვა. ეს რაოდენობრივად 244 ხმაა. მეორე ადგილს 26,71%-ით იკავებს „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის კანდიდატი ირაკლი ჯინჭარაძე. მან 90 ხმა მიიღო.
ახმეტის საარჩევნო ოლქში 2 უბნიდან 2-ვე უბნის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა როსტომ ალხანაშვილმა ხმების 96,49 % მიიღო (577 ხმა).
ადიგენში მხოლოდ 1 უბანი იყო გახსნილი, რომლის მონაცემების დათვლის შედეგად, „ქართული ოცნების“ კანდიდატ გენადი ბოლქვაძეს 93,89 %-იანი მხარდაჭერა აქვს.
ზესტაფონში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში 2 უბანი იყო გახსნილი და ორივეს შედეგებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნუგზარ ფერაძეს ამომრჩეველთა 69,71 %-მა დაუჭირა მხარი, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გაგა ლაბაძეს კი – 29,84 %-მა.
ჭიათურის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნების“ კანდიდატი – თეიმურაზ ჭუმბურიძე – 46,82 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ილიკო ჩიკვილაძე – 27 %. აღნიშნულ ოლქში 7 უბანი იყო გახსნილი და დათვლილია ყველა მათგანის შედეგები.
ტყიბულში, 4 უბნიდან 4-ვეს მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ რომან მაწკეპლაძეს 63,23 %-იანი მხარდაჭერა აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით ლომიძეს კი – 28,68 %.
წყალტუბოში საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები, 4-დან 4 უბნის მონაცემების დათვლის შედეგად ასეთია: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ომარ სინაურიძე – 78,41 %, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ზაურ ქაშიბაძე – 19,72 %.
ოზურგეთში 5 უბნიდან 5-ვეს მონაცემების დათვლის შედეგად კი, „ქართული ოცნების“ კანდიდატ დავით მდინარაძეს ამომრჩეველთა 71,75 %-მა დაუჭირა მხარი, მეორე ადგილზე კი 15,85 %-იანი მხარდაჭერით “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი იაკობ ზაქარეიშვილია.
საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში ჩატარდა, სადაც ცესკოს ამ დროისთვის ყველა უბნის მონაცემები აქვს დათვლილი.