ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა მხოლოდ რამდენიმე სუნელში გამოვლინდა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტყვიის შემცველობაზე კვლევისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით სარეალიზაციო ობიქტებიდან სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუში აიღეს და აკრედიტირებულ ლაბორატორიაში – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში გადააგზავნეს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე გამოკვლეულია ყველა -75-ივე ნიმუში, საიდანაც დარღვევა 4 შემთხვევაში გამოვლინდა.
„მოქმედი კანონმდებლობით, ტყვიის შემცველობა სანელებლებში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს კილოგრამში. ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა აღინიშნა შემდეგ სუნელ-სანელებლებში: წითელი წიწაკა-7,06მგ/კგ (ი.მ „ბადრი ჯახია“); მშრალი აჯიკა-6,38მგ/კგ (ი.მ.“ელგუჯა ჯახაია“); მშრალი აჯიკა-5,96მგ/კგ (ი.მ.“გიგა შარანგია“); სუნელი-5,60მგ/კგ (ი.მ.“მადონა თოდუა“). კომპანიების ჩამონათვალი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 75-ე ნიმუშის გამოკვლევისთანავე გაასაჯაროვა. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. პროდუქცია ამოღებულია ბაზრიდან და მისი განადგურება ყველა საჭირო პროცედურის შემდეგ მოხდება და გამოვლენილ დარღვევაზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას,“ – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების მიერ ჩატარებული ღონისძიებების და ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ეცნობება ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს.
აგრეთვე ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს საკონსულოს ამერიკის შეერთებულ შტატებში.