ფილოსოფოსმა ანდრო დგებუაძემ ტელეკომპანია „იმედის” გადაცემაში „დილის შოუ“ სიზარმაცის შესახებ ისაუბრა.
„სიზარმაცეა, როდესაც ძალა არ გაქვს იმის, რომ ადგე და საქმე გააკეთო. ზოგჯერ უძრაობაც გეზარება. ადამიანს რომ უთხრა, „დღესაც არაფერი გააკეთო, ხვალაც”, შეიძლება ნევროზში გადავარდეს. ქართველებს გვაქვს ძალიან კარგი ფრაზა: „ნაბან წყალს ბავშვი არ გადააყოლო.“ რაღაც ელემენტები არის, რომლებიც სიზარმაცეს არ უნდა გადავაყოლოთ. მზერა ახლოს რომ მივიტანოთ, შემიძლია ვთქვა: სიზარმაცე მე მაძლევს საშუალებას, რომ პირდაპირ ქმედებაზე კი არ გადავიდე, ერთი წამით გავჩერდე. ამ წამში ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება, უფრო მეტ დაკვირვებას ვახერხებ.
შეიძლება უპასუხისმგებლობაში გადავიდეს სიზარმაცე. სიზარმაცეს აქვს ნაბანი წყალიც, რომელიც უნდა გადავასხათ. სიზარმაცე კოსმიური მოვლენაა და არა ქართული. მეცადინეობა და სიბეჯითე არის მნიშვნელოვანი კუნთი, რომელიც ბავშვმა უნდა გამოიმუშაოს. ნებისმიერი მოქმედება, რომელიც სისტემატიურია, მნიშვნელოვანია. ყოველ დღე 12 საათზე, რაც გინდა გააკეთე, ოღონდ გააკეთე. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია მართო შენი თავი, არ იყო ყოველთვის დინებას მინდობილი.
რას აკეთებს ბავშვი, როდესაც არაფერს არ აკეთებს? მე, როდესაც არაფერს ვაკეთებდი, ვთამაშობდი. თამაშისას ფანტაზიაში მიდიხარ შორს და წარმოსახვას ავითარებ. ამ დროს ვიღაცისთვის ეს არის სიზარმაცე. რას აკეთებს ეს ბავშვი? არაფერს არ აკეთებს. ვიღაცისთვის არის: „აუ, რა მაგარია, როგორი ფანტაზია აქვს.“ სიზარმაცე ბავშვისთვის ვერასდროს ვერ არის არაფრის კეთება. წმინდა წყლის სიზარმაცე, როგორც ასეთი, არც არსებობს. ის რაღაცას მაინც აკეთებს, რაღაცას ფიქრობს, რაღაცას აზროვნებს“, – ამბობს დგებუაძე.